ივანე მაჭავარიანი - მსყიდველობითი უნარი რომ ავიღოთ, პრაქტიკულად, იგივე დახმარებას ვიძლევით, რასაც აშშ-ში იძლევიან
ივანე მაჭავარიანი - მსყიდველობითი უნარი რომ ავიღოთ, პრაქტიკულად, იგივე დახმარებას ვიძლევით, რასაც აშშ-ში იძლევიან

კომპენსაციას არც ერთ ქვეყანაში არ აქვს მიზანი, რომ სრულად აანაზღაუროს ის შემოსავალი, რაც დაიკარგა, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პრემიერ-მინისტრის მიერ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

„1 200-ლარიანი დახმარება უმუშევრად დარჩენილ ადამიანზე ექვსი თვის განმავლობაში არის თუ არა ბევრი ან ცოტა? თვეში 200 ლარი არ არის ბევრი, თუმცა კომპენსაციას არც ერთ ქვეყანაში არ აქვს მიზანი, რომ სრულად აანაზღაუროს ის შემოსავალი, რაც დაიკარგა. ეს არის ის მინიმუმი, რაც ადამიანს შეიძლება მისცე, რადგანაც მას მოუწია სახლში ჯდომა, რათა საბაზისო მოთხოვნები დაუკმაყოფილდეს“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის მაგალითზე ისაუბრა.

„ავიღოთ ამერიკის შეერთებული შტატები. ამერიკის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 1 200 დოლარი დაურიგოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლიც შემოსავლის გარკვეულ ზღვარს აკმაყოფილებს. ამ თანხას დაახლოებით ასი ათასი ადამიანი მიიღებს ერთჯერადად. მსყიდველობითი უნარი რომ ავიღოთ და ფასების კუთხით გავაკეთოთ პარიტეტი, პრაქტიკულად, იგივეს ვიძლევით, რასაც აშშ.

დავანებოთ პარიტეტს თავი, ისინი სამჯერ მეტს იძლევიან და მათ სამჯერ მეტი აქვთ ჩვენზე ეკონომიკა? თუ იოლად არ შეუძლიათ თანხების მოპოვება? გაცილებით, ხომ! მინუმუმ, 50-ჯერ დიდია ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი, ვიდრე ჩვენთან. შესაბამისად, ამ კუთხით, ჩვენ საკმაოდ სოლიდური პაკეტი გაქვს“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.