ივანე მაჭავარიანი - ძალიან მკაფიოდ გაიწერა ბიუჯეტში, რომ „კოვიდის“ ფონდის თანხა შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებებს
ივანე მაჭავარიანი - ძალიან მკაფიოდ გაიწერა ბიუჯეტში, რომ „კოვიდის“ ფონდის თანხა შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებებს

ანტიკრიზისული ბიუჯეტის მთელი ფილოსოფია იყო, რომ ის ხარჯები, რომლებიც არარელევანტური გახდა პანდემიის პირობებში, მაქსიმალურად შეგვემცირებინა; ასევე, მოგვეძიებინა ხარჯები ჩვენი დონორი ორგანიზაციების მხრიდან და პარტნიორებისგან და ამ რესურსის ხარჯზე შეგვექმნა რამდენიმე პროგრამა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ანტიკრიზისული ბიუჯეტის წარდგენის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„თქვენ გქონდათ ბოლო კვირების განმავლობაში საშუალება, რომ სათითაოდ გაგევლოთ ეს პროგრამები. პირველ რიგში, ეს იყო საკმაოდ მსხვილი სოციალური დახმარების პაკეტი. ამის შემდეგ იყო ბიზნესის მხარდამჭერი პაკეტი, თავისი საგარანტიო ფონდით და ასე შემდეგ. ამის შემდეგ იყო ცალკე პაკეტი სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი ღონისძიებების და სულ ბოლოს იყო დეველოპმენტის სექტორის მხარდამჭერი ღონისძიებები. სწორედ ამ მიმართულებების ერთობლიობა ქმნის იმ ახალი ხარჯების ნუსხას და იმ ახალი ხარჯების მიმართულებას, რომლიც ჩვენ დავაფინანსეთ. ერთი მხრივ, შევამცირეთ არსებული ხარჯები რომელზეც ვთქვით, რომ აღარ არის რელევანტური ან აღარ არის პრიორიტეტული ამ ეტაპზე და რაც დაგვაკლდა, მოვიზიდეთ ჩვენი უცხოელი პარტნიორებისგან. ზოგადად ეს არის სურათი“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

​ამასთან, მან კომენტარი გააკეთა „კოვიდის“ ფონდში აკუმულირებულ თანხაზე და აღნიშნა, რომ ის მხოლოდ კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებებს მოხმარდება.

„რაც შეეხება „კოვიდ“ ფონდში აკუმულირებულ და მობილიზებულ თანხებს. ძალიან მკაფიოდ გაიწერა და ითქვა ბიუჯეტში, იქ არის ასეთი ჩანაწერი, რომ ის შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ და მხოლოდ „კოვიდთან“ ბრძოლის ღონისძიებებს ან „კოვიდის“ შედეგად მიყენებული ზიანის კომპენსაციასა და ანაზღაურებას. ანუ, მიზნობრიობა შენარჩუნებულია. უფრო მეტი კონკრეტიკა მთავრობის დადგენილებით იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.