ივანე მაჭავარიანი - ჩვენს სტრატეგიაში არის ჯანსაღი ნაზავი იმისა, თუ რამდენი უნდა იყოს შიდა ან გარე ვალი
ივანე მაჭავარიანი - ჩვენს სტრატეგიაში არის ჯანსაღი ნაზავი იმისა, თუ რამდენი უნდა იყოს შიდა ან გარე ვალი

ჩვენს სტრატეგიაში არის ჯანსაღი ნაზავი იმისა, თუ რამდენი უნდა იყოს შიდა ან გარე ვალი, – განუცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს ქვეყნის საგარეო და საშინაო ვალთან დაკავშირებით.

მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის სტანდარტით საქართველოს ვალი, რომელიც დაახლოებით 41 პროცენტს შეადგენს მშპ-სთან შედარებით, დაბალრისკიან ვალად ითვლება.

„რამდენიმე დღის წინ ვიყავი ვაშინგტონში, მქონდა ბევრი შეხვედრა, სადაც საუბარი შეეხებოდა საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, ჩვენს ეკონომიკურ პროგრესს, პერსპექტივებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის სტანდარტით, ანუ მათი კლასიფიკაციით, საქართველოს ვალი, რომელიც დაახლოებით 41 პროცენტს  შეადგენს მშპ-სთან შედარებით, ითვლება დაბალრისკიან ვალად. შესაბამისად, აქ ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს. თუმცა ის, რომ ამ ვალის 80 პროცენტი არის საგარეო ვალი და არის დოლარში ან ევროში, ამან შეიძლება, ცოტა უფრო ჩვენი რისკის მაჩვენებელი ოდნავ გაზარდოს.

აქედან გამომდინარე, ვალის მართვის სტრატეგია, რომელიც დაიწერა ფინანსთა სამინისტროს ფარგლებში და მასში მონაწილეობდა ეკონომიკის სამინისტრო და სხვა ყველა ჩვენი მომიჯნავე უწყება, ამ ვალის სტრატეგიაში ნათლად არის ასახული ლარიზაციის მომენტი, ანუ ვალის გალარება, რაც ჩვენ მოწყვლადობას შეამცირებს“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისივე თმით, საგარეო ვალი იხარჯება მხოლოდ და მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მნიშვნელოვან, მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

„როდესაც ეკონომიკურ ზრდაზე, ეკონომიკის განვითარებაზე ვლაპარაკობთ, ეს პლატფორმული, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, რომელსაც კერძო კაპიტალი ვერ აწევს, უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს მონაწილეობით. ამისთვის ხდება ვალის აღება. ამიტომ, ამაში არაფერი საგანგაშო და ცუდი არ არის, დამერწმუნეთ. რაც შეეხება შიდა ვალს, რასაკვირველია მას აქვს ის პლუსები, რომ ავითარებს ადგილობრივი კაპიტალის ბაზარს, დედოლარიზაციას უწყობს ხელს, მაგრამ ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს ხარჯი და სიძვირე. ამიტომ, ჩვენ გვგონია და ჩვენს სტრატეგიაში არის ჯანსაღი ნაზავი იმისა, თუ რამდენი უნდა იყოს შიდა ან გარე ვალი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.