ივანე მაჭავარიანი - ბოლო რამდენიმე თვეა, ტელემაუწყებლები ნებაყოფლობით არ იხდიდნენ გადასახადებს, რის გამოც, მათგან გადასახადის ამოღება ინკასოს დადების გზით ხდებოდა
ივანე მაჭავარიანი - ბოლო რამდენიმე თვეა, ტელემაუწყებლები ნებაყოფლობით არ იხდიდნენ გადასახადებს, რის გამოც, მათგან გადასახადის ამოღება ინკასოს დადების გზით ხდებოდა

ბოლო რამდენიმე თვეა, ტელემაუწყებლები ნებაყოფლობით არ იხდიდნენ გადასახადებს, რის გამოც, მათგან გადასახადის ამოღება ინკასოს დადების გზით ხდებოდა, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, საუბარი იმაზე, რომ რომელიმე ორგანიზაციას ინკასო სპეციალურად დაადეს, არის აბსოლუტური სპეკულაცია.

„ინკასოების თემას უსამართლო აჟიოტაჟი მოჰყვა, თითქოს ქვეყანაში კრიზისის დროს ინკასო შეგნებულად დაედო ორ ტელევიზიას. არადა, ბოლო რამდენიმე თვეა (დეკემბერი, იანვარი, თებერვალი) ამ ტელევიზიებიდან თანხების ამოღება ინკასოების მეშვეობით ხდებოდა, რადგან ისინი ნებაყოფლობით არ იხდიდნენ გადასახადებს. საერთოდ არ იყო კორონავირუსთან დაკავშირებული კრიზისი ქვეყანაში, ინკასოს დადება იყო გადასახადის ამოღების ჩვეულებრივი გზა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, იძულებითი ღონისძიებები გატარდა იმ კომპანიების მიმართაც, ვისაც პირველ ეტაპზე, არ შეეხოთ საგადასახადო შეღავათები.

„იმ შეღავათების გარდა, რომელიც გავავრცელეთ ტურიზმის სექტორსა და სხვა მომიჯნავე სფეროებზე, დარჩა უამრავი სხვა სექტორი, მათ შორის, ტელევიზია, ქარხანა თუ უამრავი სხვა კომპანია, რომელზეც არ გავრცელდა ეს შეღავათი. მათაც, ვინც ვერ გადაიხადა გადასახადი, მოგვიწია ინკასოს დადება. ახლა, საუბარი სწორედ იმაზეა, სამომავლოდ, ეკონომიკის შენელების ფონზე, ამ კომპანიებსაც რომ გაუჭირდებათ გადასახადის გადახდა, შეიძლება თუ არა ფიქრი შეღავათების დაწესებაზე. ბიუჯეტის განხილვა ამ კუთხითაც მიმდინარეობს. ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი მხრივ, გვეზრდება სოციალური ტვირთი, სოციალური გადასახდელები და მეორე მხრივ, გვიმცირდება შემოსავლები, ამიტომ მნიშვნელოვანია მოიძებნოს სწორი გამოსავალი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.