ივანე მაჭავარიანი - ანტიკრიზისული ბიუჯეტი არის პრაქტიკულად ახალი და სრულიად გადააზრებული
ივანე მაჭავარიანი - ანტიკრიზისული ბიუჯეტი არის პრაქტიკულად ახალი და სრულიად გადააზრებული

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ ქვეყნის ბიუჯეტის მთლიანი გადააზრება და მისი სტრუქტურის შეცვლა ხდება.

„პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ცვლილებები არ არის სტანდარტული, რომელიც წლიდან წლამდე ხორციელდება ხოლმე შუა წელში. ეს არის პრაქტიკულად ხელახალი ბიუჯეტი, სრულად გადააზრებული. ამიტომ თავისი მასშტაბით ცვლილებები არის ძალიან დიდი. მაკროჩარჩო სრულად იცვლება, შესაბამისად, ეს ყველაფერი აისახა ბიუჯეტში“, – განაცხადა ანტიკრიზისული ბიუჯეტის წარდგენის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, 600 მილიონამდე არის დანაზოგი არსებულ ბიუჯეტში, რომელიც 2020 წლისთვის 2019 -ის ბოლოს მომზადდა.

„შემცირება დაახლოებით ნახევარ-ნახევარზე ნაწილდება, 300 მილიონი კაპიტალურში, 300 მილიონი მიმდინარე ხარჯებში. ეს მოიცავს იმ ხარჯების შემცირებას, რომელიც ამ პანდემიასთან დაკავშირებით ბუნებრივად მცირდებოდა, რაღაც ტიპის აქტივობები, რაღაც ტიპის საქმიანობები შეზღუდული იყო და თავისთავად, ეს მოიცავდა. ამას გარდა, არ დარჩენილა უწყება, არ დარჩენილა სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელშიც არ გაგვევლო დეტალურად და სხვათა შორის, ეს თანხა ბევრი შემცირებისგან შედგება. შედარებით მსხვილი კომპონენტი არის ის ნაწილი, როგორიც არის სხვადასხვა ტიპის კულტურული, სპორტული ღონისძიებები, რომელიც იყო დაგეგმილი და უბრალოდ, ვერ ჩატარდება. მაგრამ ამის გარდა, დაწყებული მივლინებით, საწვავით, ადმინისტრაციული ხარჯებით, ჩვენ არ ვთაკილობდით და ყველა კაპიკს გამოვეკიდეთ და ზოგ ორგანიზაციაში 100 ათასი, ზოგგან 200 თასი შევამცირეთ ზუსტად იმიტომ, რომ მაქსიმალურად გამოგვეთავისუფლებინა ის სივრცე, რომელიც საჭირო არის ამ პანდემიასთან ერთი მხრივ, ბრძოლის ღონისძიებების დაფინანსებისთვის, მეორე მხრივ, ამ პანდემიის შედეგად მიყენებული ზარალის საკომპენსაციოდ. იქნებოდა ეს ფიზიკურ პირებზე, ჩვენივე მოქალაქეებზე მიყენებული ზარალი ამ პანდემიიდან გამომდინარე, თუ კომპანიებისთვის და ბიზნესკომპანიებისთვის მიყენებული ზარალი“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.