ივა ჭყონია - ნომერი პირველი დავალება სახელმწიფოს ყველა მესვეურისთვის არის სტაბილური ლარი
ივა ჭყონია - ნომერი პირველი დავალება სახელმწიფოს ყველა მესვეურისთვის არის სტაბილური ლარი

ნომერი პირველი დავალება არა მხოლოდ ეკონომიკის მინისტრისთვის, არამედ სახელმწიფოს ყველა მესვეურისთვის არის სტაბილური ლარი, – ამის შესახებ საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა.

გადაცემაში ბიზნესგარემოს ყველაზე აქტუალური გამოწვევები და ხელისუფლებასთან კომუნიკაციის საკითხი განიხილეს, გამომდინარე იქიდან, რომ ახალი პრემიერი ბიზნესს მთავრობასთან ღია და გულისხმიერ დიალოგს ჰპირდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეიდან ბიზნესთან სექტორული შეხვედრები დაიწყო. გასულ კვირას კი, პრემიერმა ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს მოუწოდა, სხვადასხვა დარგის წარმომადგენელ ბიზნესასოციაციებს შეხვდნენ. პრემიერის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს უკვე მიმდინარე კვირაში მიიღებს.

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე, უპირველეს ყოვლისა, ისევ ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობის საკითხს დააყენებს, რადგან მის სექტორში ლარის რყევა ყველა მთავარი გამოწვევაა.

„ჩემთვის, როგორც დისტრიბუტორთან ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელისთვის, სადაც მრავლად არიან იმპორტიორი კომპანიები, რომლებიც პირდაპირპროპორციულად არიან მობმული ეროვნული ვალუტის სიმყარეზე, ძალიან მნიშვნელოვანია, გავიგო, საერთოდ როგორ ესმის მთავრობასა და ეროვნულ ბანკს მყარი ლარი რა არის. ვერ გავიგე, ლარის მყარი კურსი რა არის. თუ დასტაბილურებაზეა საუბარი და სტაბილურად შევინარჩუნებთ ამ კურსს, ალბათ უფრო სწორი იქნება და ნუ მოვატყუებთ ნურც ბიზნესსექტორს და ნურც მოსახლეობას. რადგანაც, სახელმწიფო ბიუჯეტი დათვლილია 2.98 -ზე და რა უნდა დაასტაბილურო? მაშინ თქვან, რომ ლარის კურსი ახლა არის სტაბილური და საახალწლოდ ჩამოწევენ. მაშინ ეს მიმართულება უნდა აიღონ“, – განაცხადა ჭყონიამ.

მისი განმარტებით, ლარის სწრაფი გაუფასურების პირობებში გრძელვადიანი გეგმის დათვლა შეუძლებელია, არადა დისტრიბუციის სექტორში ვალუტის კურსი მთავარი ფაქტორია, რადგან ფასების ეტაპობრივ ცვლილებას იწვევს და ბიზნესს აბნევს. ამიტომ, სახელმწიფოს მესვეურებმა უპირველესად ლარის რყევის პრობლემა უნდა მოხსნან.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ეკონომიკაში არის დისტრიბუცია და აქ ლარის ფაქტორს მთავარი განმსაზღვრელი როლი ენიჭება. ამიტომ, ნომერ პირველი დავალება არა მხოლოდ ეკონომიკის მინისტრისათვის, არამედ სახელწმიფოს ყველა მესვეურისთვის არის ის, რომ ლარი იყოს სტაბილური. თუ ლარის სტაბილურობა შესაძლებელი იყო და ეს თავის დროზე არ გააკეთეს, ეროვნულმა ბანკმა ისე არ იმოქმედა, როგორც ეხლა მოქმედებს, მაშინ ეს არის დანაშაული და პასუხი უნდა მოვთხოვოთ“, – განაცხადა ივა ჭყონიამ.

დატოვე კომენტარი