იური ტაბატაძე - ნაკრებში ელიგის მოთამაშეთა მიწვევით, სანიოლმა ბევრს დამატებითი მოტივაცია მოგვცა [ვიდეო] #1TVSPORT
იური ტაბატაძე - ნაკრებში ელიგის მოთამაშეთა მიწვევით, სანიოლმა ბევრს დამატებითი მოტივაცია მოგვცა [ვიდეო] #1TVSPORT

„საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილი იური ტაბატაძე ეროვნული ლიგის კლუბის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. ამპლუით ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში უკვე ორი გოლი გაიტანა, მათ შორის, ბოლო ტურში გორის „დილასთან”. მისი თქმით, დარტყმაზე, რომელსაც „დილას“ კარში ეფექტური და მოჭრილი გოლი მოჰყვა, დიდი ხანი ვარჯიშობდა. 

„გოლის გატანის შესაძლებლობა მანამდეც მქონდა, მაგრამ ხარიხას მოხვდა ბურთი. შოთა ნონიკაშვილისგან პასი რომ მივიღე, კარში დარტყმა სწრაფად გადავწყვიტე. საბოლოოდ, დარტყმა შედეგიანი გამოვიდა და ანგარიში გავხსენი. ფეხბურთი კრიშტიანო რონალდომ შემაყვარა. მსგავს სტილში სწორედ პორტუგალიელი ურტყამს. მის სტანდარტულებს სულ ვუყურებდი. ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი მის სტილში რომ დამერტყა. ადრეულ წლებში ანალოგიურად ბრაზილიელი ჟუნინიოც ასრულებდა“, – ამბობს იური ტაბატაძე.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა წლევანდელ სეზონში „საბურთალოს“ გამოსვლაც შეაფასა: „შვიდი მატჩიდან ოთხი ფრედ დავასრულეთ და ყველა 0:0. ამდენი ფრე არც სასიამოვნოა და არც – სასურველი. თუმცა, თამაშის ხარისხს ვაუმჯობესებთ. მგონია, რომ მალე სასურველი შედეგი გვექნება. ჩვენს თამაშს ვპოულობთ და შედეგიც აუცილებლად გვექნება. ჩვენი მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძე, მისი მთელი სტაფი ძალიან მოტივირებულია და ეს ჩვენზეც დადებითად მოქმედებს“.

ტაბატაძის თქმით, ეროვნული ლიგის მოთამაშეებს ვილი სანიოლმა თავის გამოჩენის შანსი რომ მისცა, ეს მისთვის დამატებითი მოტივაცია: „კარგია, რომ უკანასკნელ შეხვედრებში ჩვენი ჩემპიონატის რამდენიმე ფეხბურთელს ნაკრებში ადგილის დამკვიდრების საშუალება მიეცა. მხოლოდ ჩემთვის არა, ბევრისთვის დამატებითი მოტივაციაა. ჩემი მომავალი გეგმები სწორედ ეროვნულ ნაკრებს უკავშირდება, თუმცა კარგად ვიცი, რომ ამისათვის ძალიან ბევრი მაქვს სამუშაო. საკლუბო დონეზე, რაც არ უნდა წარმატებები გქონდეს, ქვეყნის პირველ გუნდში თამაში, უდიდესი პატივია. ყველაფერს თავისი დრო აქვს. მჯერა, მალე დადგება დრო, როდესაც ეროვნულ ნაკრებშიც ვითამაშებ“.