იურგენ კლოპი - წლის გუნდი ლივერპულია
იურგენ კლოპი - წლის გუნდი ლივერპულია

იურგენ კლოპი აცხადებს, რომ პრეიერლიგის წლის გუნდში თერთმეტივე ფეხბურთელს ლივერპულიდან შეიყვანდა.

შეგახსენებთ, რომ ეს პატივი წელს ოთხ მერსისაიდელს ხვდა წილად. ესენი არიან ენდრიუ რობერტსონი, ტრენტ-ალექსანდერ არნოლდი, ვირგილ ვან დაიკი და სადიო მანე, დანარჩენი შვიდი ფეხბურთელიდან კი ექვსი მანჩესტერ სიტის მოთამაშეა, ერთი კი მანჩესტერ იუნაიტედის.

„ოთხი შეიყვანეს ჩემი გუნდიდან, მაგრამ მე მათ კიდევ ხუთს, ექვსს ან სულაც შვიდს დავუმატებდი. წლის გუნდი ჩემი გუნდია“, – აცხადებს კლოპი.

წლის გუნდში ვერ მოხვდნენ ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან ლივერპულელი მოჰამედ სალაჰი, არსენალელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი, რომლებმაც 19-19 გოლი გაიტანეს წლევანდელ სეზონში, ასევე ტოტენჰემის ჰარი კეინი და ჩელსის ედენ აზარი.

სამაგიეროდ, თერთმეტეულში მოხვდა პოლ პოგბა, რაც ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

„მო (სალაჰი) ამას წელსაც იმსახურებდა“, – ამბობს კლოპი, – „ის ისევ საუკეთესო ბომბარდირებს შორის არის და რამდენიმე უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა. ასევე აღსანიშნავია ჯინი ვეინალდუმი, რომელიც საოცარ სეზონს ატარებს, და ჯორდან ჰენდერსონი“.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის წლევანდელი სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ჩეიონობისთვის ორი გუნდი იბრძვის – მანჩესტერ სიტი და ლივერპული. მანჩესტერელები ლიდერობენ, მერსისაიდელები კი მათ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან.