ვეტერანი ფეხბურთელები პოლ პოგბას წინააღმდეგ - ცნობილი მოთამაშეების აზრით, ფრანგი წლის გუნდში ყოფნას არ იმსახურებს
ვეტერანი ფეხბურთელები პოლ პოგბას წინააღმდეგ - ცნობილი მოთამაშეების აზრით, ფრანგი წლის გუნდში ყოფნას არ იმსახურებს

ინგლისის პროფესიული ფეხბურთის ასოციაციამ პრემიერლიგის წლის გუნდი დაასახელა, რომელშიც 11 ფეხბურთელიდან ექვსი მანჩესტერ სიტიში თამაშობს, ოთხი კი ლივერპულში. რაც შეეხება დარჩენილ ერთ ფეხბურთელს, ეს მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველი პოლ პოგბაა და წლის გუნდში მისმა შეყვანამ ინგლისში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

საქმეში ვეტერანი ფეხბურთელებიც ჩაერთვნენ და უმეტესობის თქმით, ფრანგი ლეგიონერი ასეთ აღიარებას არ იმსახურებდა.

გარი ლინეკერი (ინგლისის ნაკრების თავდამსხელი, 1984-1992): პოგბა შესანიშნავი ფეხბურთელია და ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მას უამრავი დადებითი თვისება აქვს. გარკვეულ მომენტებში მან არაჩვეულებრივად ითამაშა, თუმცა, არა მგონია, რომ ის წლის გუნდში შეყვანას იმსახურებდა. ის საკმარისად სტაბილური არ იყო.

ალან შირერი (ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი, 1992-2000): ძალიან გაკვირვებული ვარ, რომ სხვა ფეხბურთელებმა ის წლის გუნდში შეყვანის ღირსად ჩათვალეს. ნამდვილად იმსახურებს პატივისცემას ყველაფრისთვის, რაც ფეხბურთში აქვს გაკეთებული, მაგრამ ამ სეზონში ის საკმარისად სტაბილური არ იყო.

ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკი (ჰოლანდიის ნაკრების თავდამსხმელი, 1998-2002): პოგბას ინდივიდუალური შესაძლებლობები ნამდვილად გამორჩეულია, მაგრამ მე არ ვთვლი, რომ ის წლის გუნდში უნდა იყოს.