იულია ტიმოშენკო - კოალიციის ფორმირების ინიციატივა უკრაინის პრეზიდენტის პარტიის ხელშია
იულია ტიმოშენკო - კოალიციის ფორმირების ინიციატივა უკრაინის პრეზიდენტის პარტიის ხელშია

კოალიციის ფორმირების ინიციატივა უკრაინის პრეზიდენტის პარტიის ხელშია, – ეს განცხადება პარტია „ბატკივშინას“ ლიდერმა, იულია ტიმოშენკომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ტიმოშენკო ამბობს, რომ მისი პარტია კოალიციის ფორმირებისთვის მზად არის მხოლოდ პარტია „ხალხის მსახურთან“ და სვიატოსლავ ვაკარჩუკის პარტია „ხმასთან“.

ბატკივშინა მზად არის, ემსახუროს ქვეყანას და ხალხის ინტერესებს, სადაც არ უნდა იყოს ის, კოალიციაში თუ მის გარეთ“, – განაცხადა უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ბატკივშინა პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული და მათ იციან ქვეყნის შენება.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში დღეს ვადამდელი არჩევნები გაიმართა და ეროვნული ეგზიტპოლის მიხედვით, ხმათა უმრავლესობა პრეზიდენტის პარტია „ხალხის მსახურმა“ მოიპოვა. ეგზიტპოლის მიხედვით, მეცხრე მოწვევის რადაში სულ ხუთი პარტია შევა.

უკრაინაში მიმდინარე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი აშუქებს.

დატოვე კომენტარი