იტალიის ელჩი - ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს ყველა საქმეს, რომელიც შეიძლება ეხებოდეს მედიპლურალიზმს
იტალიის ელჩი - ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს ყველა საქმეს, რომელიც შეიძლება ეხებოდეს მედიპლურალიზმს

„ტვ პირველის“ მფლობელი ვატო წერეთელი და ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ევროპელ დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ, იტალიის ელჩმა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ განაცხადა, რომ ტელეკომპანიასთან დაკავშირებულ საქმეს ყურადღებით აკვირდებიან.

„შესაძლებლობა გვქონდა, გავსაუბრებოდით ბატონ წერეთელსა და „ტვ პირველის“ წამყვანს. ჩვენ ამ საქმეს ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს და ასევე, ყველა საქმეს, რომელსაც შეიძლება საქმე ჰქონდეს მედიათავისუფლებასთან და პლურალიზმთან. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა სასამართლოს საქმის დეტალებს ჩავყვეთ, სამართალი თავისი კურსით უნდა წავიდეს, მაგრამ ამავდროულად, გვჯერა, რომ მედიათავისუფლება დემოკრატიის მნიშვნელოვანი ინგრედიენტია“, – განაცხადა ელჩმა.

ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ნინო ჟიჟილაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს. მან აღნიშნა, რომ დიპლომატებს მიაწოდეს ინფორმაცია წერეთლების ოჯახთან დაკავშირებულ სამართლებრივ პროცესზე.

„იყო კითხვები, რას როგორ ვაპირებთ. ასევე ფინანსური, მორალური თვალსაზრისით, როგორ ვაპირებთ გაგრძელებას. ბუნებრივია, ჩვენი პასუხი ყველამ იცის. ჩვენ ვაპირებთ, განვაგრძობთ მუშაობა, ნებისმიერ შემთხვევაში, ვიყოთ ეთერში, რაც უნდა მოხდეს, ამ თვალსაზრისით ვიყოთ შეუვალი“, – განაცხადა ნინო ჟიჟილაშვილმა.