ისტორიული მატჩი | ინგლისი VS იუგოსლავია - 1968 წლის სენსაცია [ვიდეო] #1TVSPORT

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ისტორიაში არაერთი ეფექტური მატჩია შესული. უმეტესობა თამაშის დაძაბული მიმდინარეობითა და სანახაობრივი კუთხით დაგვამახსოვრდა, ზოგიც სრულიად მოულოდნელი და შოკისმომგვრელი შედეგით.

ამ უკანასკნელთა რიგებშია ინგლისისა და იუგოსლავიის დაპირისპირება 1968 წლის ნახევარფინალში. უეფა-ს რიგით მესამე ევროპირველობა იტალიაში ახალი ფორმატითა და ახალი სახელით გაიმართა. ევროპის თასი ევროპის ჩემპიონატად იქცა. 31 გუნდი რვა ჯგუფში გადანაწილდა. ჯგუფის გამარჯვებულები მეოთხდფინალში გადიოდნენ. ნახევარფინალურ და ფინალურ მატჩებს უმასპინძლა იტალიამ, რომელიც საბოლოოდ ტურნირის გამარჯვებულიც გახდა.

თუმცა ფინალი ნამდვილად არ ყოფილა ამ ჩემპიონატის ყველაზე გამორჩეული შეხვედრა. ეს სტატუსი ინგლისსა და იუგოსლავიას შორის გამართულმა თამაშმა დაიმსახურა. პირველი ნახევარფინალი იტალიასა და საბჭოთა კავშირს შორის შედგა. ძირითადი და დამატებული დროის უგოლოდ დასრულების შემდეგ გადამწყვეტ დაპირისპირებაში გამსვლელის ბედი უცნაური მეთოდით, მონეტის აგდებით გადაწყდა. სწორი არჩევანი მასპინძლებმა გააკეთეს.

მეორე ნახევარფინალში ინგლისი და იუგოსლავია შეხვდნენ. ინგლისი ამ დროს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი იყო. შესაბამისად, ალბათ, ცოტა თუ წარმოიდგენდა იმ შედეგს, რაც ამ მატჩში დაფიქსირდა. თუმცა ბალკანელთა მთავარ მწვრთნელს, რაიკო მიტიჩს თავიდანვე სჯეროდა წარმატების. ის ამბობდა, რომ ასეთი ძლიერი გუნდი იუგოსლავიას 50-იანი წლების შემდეგ არ ჰყოლია.

მეოთხედფინალში მათ ტურნირს ფრანგები გამოთიშეს. ფლორენციაში, სტადიო კომუნალეზე გამართულ შეხვედრას 22 ათასამდე მაყურებელი დაესწრო. ინგლისი მოედანზე დანაკლისით გავიდა. რამდენიმე დღით ადრე ჯეფ ჰერსმა და ნობი სტაილზმა ტრავმები მიიღეს, რაც გუნდს აშკარად დაეტყო.

ბრიტანელებმა ვერა და ვერ დაალაგეს თამაში მოედნის ცენტრში. მსოფლიო ჩემპიონებმა რამდენიმე მომენტი შექმნეს. ბობი მურის დარტყმული მეკარემ აიღო. ალან ბოლმა ჯერ თავურით ბურთი ხარიხას მოარტყა, შემდეგ კი ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა. მატჩის ბედი 86-ე წუთზე დრაგან ჯაიჩმა გადაწყვიტა. სიმაღლის მიუხედავად, საოცარი ტექნიკით გამორჩეულმა იუგოსლავიელმა მეტოქის საჯარიმოში ბურთი მკერდით მიიღო და გამარჯვების გოლი გაიტანა.

ამის შემდეგ ალან მალერიმ წითელი ბარათი მიიღო და ინგლისის ნაკრების ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელიც მოედნიდან გააძევეს. ათი კაცით დარჩენილმა ბრიტანელებმა შეხვედრის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს. იუგოსლავია ფინალში გავიდა, სადაც იტალიასთან ორმატჩიან დაპირისპირებაში 1:3 დამარცხდა.

ინგლისისა და იუგოსლავიის 1968 წლის ნახევარფინალი კი ევროპის ჩემპიონატების ისტორიის 10 ყველაზე დაუჯერებელ თამაშს შორის მოხვდა.

 

დატოვე კომენტარი