ირმა ინაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების გაკეთილშობილება არ მოხდება
ირმა ინაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების გაკეთილშობილება არ მოხდება

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების გაკეთილშობილება არ მოხდება. ირმა ინაშვილი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმაურება.

„თეორიულად რომ დავუშვათ და ამ ადამიანებს ხელისუფლება მიეცეთ, ასჯერ და ათასჯერ მეტი ძალისხმევითა და ენთუზიაზმით აწამებენ ადამიანებს, ქონებას წაართმევენ, აქციებს დაარბევენ და გაყიდიან ქართულ მიწას.

სააკაშვილის განცხადება, რომ თურმე ვიღაცას ქონება წაართვა, თურმე კი არა, ბიზნესმენებს ქონებას ართმევდნენ, ბიზნესს ატერორებდნენ, ადამიანებს ფარულად იღებდნენ, რაც მათ დანაშაულს ადასტურებს.

„ქართულ ოცნებასთან“ კითხვა მაქვს – როდემდე უნდა გაგრძელდეს პოლიტიკური პინგ-პონგი და პოლიტიკური თამაშები? როდის უნდა მიიღონ რეზოლუცია და დამნაშავეებმა პასუხი როდის უნდა აგონ? სააკაშვილმა მწუხარება გამოთქვა, რომ სახელებს ართმევდა და თურმე, ადამიანი ეშხში შედის, როცა ვიღაცას სახლს ართმევს, ის ძველი, 2003 წლის მიშა არ არის და თურმე, ქართველი ხალხი ნუ აიძულებს, იგივე გახდეს. ეს ყველაფერი მათი ძალადობრივი პოლიტიკის აღიარებაა, მაგრამ დასჯის მექანიზმი სადაა? ვინ დაისაჯა? იყო თუ არა ადეკვატური სასჯელები, რაც მიიღეს? კოაბიტაცია რატომ გამოვაცხადეთ და რატომ აპატიეს ყველაფერი? ამ თემებზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივას გამოეხმაურა და აღნიშნა, „გახსოვთ, როგორ მოვატანინეთ ფული ჯოხთაბერიძეს, აკაკი ჩხაიძეს, გზების უფროსს იუზას, ისე მოვატანინებთ ივანიშვილს“.