ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი იაპონიის პრემიერის თეირანში ვიზიტის ფონზე ტანკერებზე თავდასხმას საეჭვოდ მიიჩნევს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი იაპონიის პრემიერის თეირანში ვიზიტის ფონზე ტანკერებზე თავდასხმას საეჭვოდ მიიჩნევს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი თეირანში იაპონიის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფონზე ომანის ყურეში ორ ტანკერზე თავდასხმას საეჭვოდ მიიჩნევს. სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ზარიფი ასევე აღნიშნავს, რომ ტანკერები იაპონიისკენ მიემართებოდნენ.

„თავდასხმები იაპონიასთან დაკავშირებულ ტანკერებზე მაშინ მოხდა, როდესაც პრემიერ-მინისტრი სინძო აბე აიათოლა ხამენეისთან ყოვლისმომცველ და მეგობრულ მოლაპარაკებებს მართავდა“, – წერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მუჰამედ ჯავად ზარიფი მომხდართან დაკავშირებით რეგიონული დიალოგის გამართვას აუცილებლად მიიჩნევს.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ორი ტანკერიდან ერთ-ერთი იაპონურ კომპანია „კოკუკა სანგიოს“ ეკუთვნოდა. როგორც იაპონურ კომპანიაში აცხადებენ, სამი საათის განმავლობაში ტანკერზე ორი დარტყმა განხორციელდა.

ამასთან, ცნობილია, რომ მეორე ნავთობმზიდის მფლობელია ნორვეგიული კომპანია „ფრონტლაინი“ და მის ბორტზე ერთი ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა. ნორვეგიული კომპანიის ცნობით, ბორტზე სამი აფეთქება მოხდა. ორივე ტანკერის ეკიპაჟის წევრები უსაფრთხოდ არიან. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ისინი ირანის ერთ-ერთ პორტში გადაიყვანეს.