ირაკლი თოდუა - გულშემატკივარი დიდი სტიმულია და დარწმუნებული ვარ, დიდ წარმატებას ერთად მივაღწევთ #1TVSPORT
ირაკლი თოდუა - გულშემატკივარი დიდი სტიმულია და დარწმუნებული ვარ, დიდ წარმატებას ერთად მივაღწევთ #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მოთამაშემ, ირაკლი თოდუამ თბილისის ახალ ოლიმპიურ სასახლეში საფრანგეთთან დღეს გასამართ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა. 

საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში, საქართველო საფრანგეთის, სომხეთისა და რუსეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. ჩატარებული ოთხი შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს შვიდი ქულა აქვს და მეორე ადგილს იკავებს, რაც ევრო 2022-ის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების გარანტია შეიძლება გახდეს. ევროფორუმზე ჯგუფის რვა გამარჯვებული და ექვსი საუკეთესო მეორეადგილოსანი ითამაშებს, პლუს ერთი საგზურის მფლობელი ჯგუფებში მეორე ადგილზე გასულ რეიტინგის ბოლო ორ ნაკრებს შორის პლეი-ოფით გაირკვევა. ფუტსალში ევროპის 2022 წლის ჩემპიონატს ნიდერლანდები უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრებს კი აქვს რეალური შანსი, ექვს საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის მოხვდეს და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშოს.

„ხვალ ისეთი მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს, რომლისთვისაც მთელი ეს ციკლი ვემზადებოდით. გვინდოდა ეს დღე დამდგარიყო, რომ გვქონოდა შანსი, გამარჯვებით ევროპის ჩემპიონატზე გავსულიყავით. რა თქმა უნდა, გუნდი სრულ მზადყოფნაშია. დღეს მატჩისწინა ვარჯიში გვქონდა და კონკრეტული ტაქტიკური დავალებები ბოლომდე დავამუშავეთ“, – ამბობს ირაკლი თოდუა.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების მოთამაშემ მატჩთან დაკავშირებულ მოლოდინზე ილაპარაკა: „რაც შეეხება განწყობას, რა თქმა უნდა, ამაღლებულ და საბრძოლო ხასიათზე ვართ. ვეცდებით, ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ და საქართველოს ფუტსალის ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე პირველად გავიდეთ“.

შეგახსენებთ, რომ მატჩზე გულშემატკივარი დაუშვეს და ტრიბუნების 30 პროცენტი შეივსება: „ზოგადად, ეს ციკლი მთელს ევროპაში გულშემატკივრის გარეშე წარიმართა. დიდი მადლობა ფეხბურთის ფედერაციასა და სახელმწიფოს, ეს საკითხი რომ მოგვარდა და მაყურებლის თუნდაც 30 პროცენტი დაუშვეს. ქართველი გულშემატკივრის წინაშე თამაში ჩვენთვის დიდი სტიმულია და დარწმუნებული ვარ, დიდი მხარდაჭერა გვექნება. ვეცდებით, რომ ერთად შევძლოთ დიდი წარმატების მიღწევა“.

საქართველოსა და საფრანგეთის ფუტსალის ნაკრებთა დაპირისპირება თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 9 აპრილს 18:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.