ირაკლი სესიაშვილი - სამხედრო სამსახურის გადავადებით სარგებლობს ხუთი მუსლიმი, 50 მართლმადიდებელი, იეღოვას 165 მოწმე და ბიბლიური თავისუფლების 6 908 წარმომადგენელი
ირაკლი სესიაშვილი - სამხედრო სამსახურის გადავადებით სარგებლობს ხუთი მუსლიმი, 50 მართლმადიდებელი, იეღოვას 165 მოწმე და ბიბლიური თავისუფლების 6 908 წარმომადგენელი

სამხედრო სამსახურის გადავადებით სარგებლობს ხუთი მუსლიმი, 50 მართლმადიდებელი, იეღოვას 165 მოწმე და ბიბლიური თავისუფლების 6 908 წარმომადგენელი, – განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა. მისი თქმით, მუხლის არაკეთილსინდისიერად გამოყენება ხდება, რაც მიზანმიმართული მავნებლობაა.

„მესმის, რომ პროექტს, რომელიც წარმოვადგინე, მგრძნობიარე თემას ეხება, ჩემთვის ეს აბსოლუტურად გასაგებია. თუმცა, მოგიწოდებთ ყველას, ნუ მოვახდენთ საკითხის ხელოვნურად გამწვავებას, რამდენადაც ორივე თემა, როგორც რელიგიური, ისე გაწვევის საკითხი, ძალიან მნიშვნელოვანია.

მგონია, ეჭვი არავის გეპარებათ, რომ ჩემი კეთილი მიზანი არ ყოფილა, რომ რაიმე ფორმით შექმნილიყო ისეთი მოცემულობა, რომ ვინმეს გასჩენოდა დისკრიმინაციული წარმოდგენა. მაგრამ, მეორე მხრივ, რეალობა არის სამწუხარო. როცა ფაქტობრივად ამ ფსევდო რელიგიური ორგანიზაციების მხრიდან განხორციელებული ქმედებების გამო შეიძლება, გაწვევა მთლიანად ჩაგვივარდეს.

მოგიყვანთ სტატისტიკურ მონაცემებს. დღევანდელი მოცემულობით, ამ მუხლით სარგებლობს ხუთი მუსლიმი, 50 მართლმადიდებელი, იეღოვას 165 მოწმე და ბიბლიური თავისუფლების 6 908 წარმომადგენელი. ყველა კარგად ხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებელს თავის დროზე ჰქონდა კეთილი მიზანი, მართლა სასულიერო პირებს ჰქონოდათ საშუალება, არ წასულიყვნენ სამხედრო სავალდებულო სამსახურში და ემოღვაწევათ თავიანთ სასულიერო გარემოში. ამ შემთხვევაში, ამ მუხლის არაკეთილსინდისიერად გამოყენება ხდება. ეს არის მიზანმიმართული მავნებლობა“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე.

სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენები ჯერ არ გაიმართება. სესიაშვილის თქმით, კანონპროექტზე მუშაობა გაგრძელდება. ირაკლი სესიაშვილი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძესა და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს დღეს შეხვდება.