ირაკლი სესიაშვილი - ჩვენს ოპონენტებს უნდათ, მუხანათური და ლაჩრული თავდასხმებით დააზიანონ ქვეყნის მშვიდობიანი გარემოს იმიჯი
ირაკლი სესიაშვილი - ჩვენს ოპონენტებს უნდათ, მუხანათური და ლაჩრული თავდასხმებით დააზიანონ ქვეყნის მშვიდობიანი გარემოს იმიჯი

დღეს, დილით მარნეულის ჩვენი შტაბის საარჩევნო სპეციალისტი მარნეულის მიმართულებით გადაადგილდებოდა. აედევნენ, დააჯახეს უკანა მხრიდან მანქანა, გადმოვიდნენ და მიზეზის გარეშე უმოწყალოდ სცემეს. ჩვენი ეჭვია, რომ ამ ყველაფერში ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ხელი ურევია, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი სესიაშვილმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე არის მისული.

​„ამ ყველაფრის უკან ვხედავთ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობენ პროვოკაციების მოწყობას, რადგან მათი მიზანი არის იმ მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს იმიჯის შელახვა, რომლის ფარგლებში მათ არანაირი პოლიტიკური მომავლის შანსი არ აქვთ. ამაზე არის გათვლა, მათ უნდათ, დააზიანონ ჩვენი ქვეყნის იმიჯი, მშვიდობიანი გარემოს იმიჯი, მუხანათური და ლაჩრული თავდასხმებით მოახდინონ ზემოქმედება და ზეგავლენა.

ამაზე უმკაცრესი რეაგირება ექნება სახელმწიფოს. ჩვენ კვლავ ვრჩებით მშვიდობიანი, თავისუფალი საარჩევნო გარემოს სადარაჯოზე. რაც შეეხება მათ, ვისაც წარსულში დაბრუნება უნდათ, პასუხი გაეცემათ როგორც არჩვენების დღეს, ასევე ასეთი ლაჩრული ქმედებების გამო სამართალდამცველები უმკაცრეს პასუხს გაცემენ“, – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

მარნეულში, სადაც „ქართული ოცნების“ შტაბის წევრ თემურ შუბითიძეს თავს დაესხნენ, სამართალდამცველები მუშაობენ.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ გადაჰყავს დაშავებული თემურ შუბითიძე სასწრაფო დახმარების ჯგუფს საავადმყოფოში.