ირაკლი ქარსელაძე - რეგიონების მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის მომდევნო 10 წლის განმავლობაში 31 მილიარდი ლარის ინვესტირება მოხდება
ირაკლი ქარსელაძე - რეგიონების მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის მომდევნო 10 წლის განმავლობაში 31 მილიარდი ლარის ინვესტირება მოხდება

საქართველოს მთავრობის და ჩვენი სამინისტროს მიზანია რეგიონების მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული განვითარება და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება, ამ მიზნის მისაღწევად კი მომდევნო 10 წლის განმავლობაში, სხვადსხვა სფეროში 31 მილიარდი ლარის ინვესტირება მოხდება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, გეგმის თანახმად, 2030 წლისთვის დასრულდება ყველა მაგისტრალური გზის მშენებლობა და წითელი ხიდიდან სარფამდე მგზავრობის დრო განახევრდება, მთელი ქვეყნის მოსახლეობას ექნება სრული ხელმისაწვდომობა სტანდარტების შესაბამის წყალმომარაგებაზე, ქვეყნის ყველა მუნიციპალური ნაგავსაყრელი ჩანაცვლდება თანამედროვე რეგიონული ცენტრებით, სოციალურად და ეკონომიკურად განვითარდება რეგიონები, გაძლიერდება მუნიციპალიტეტები და გაიზრდება მათი შესაძლებლობები.

„ბუნებრივია, ყველა სტრატეგიას გააჩნია შესაბამისი ინდიკატორები, რომლის მიხედვითაც ჩვენ უნდა გავზომოთ ჩვენი გეგმების შესრულების ეფექტიანობა, კერძოდ: ამჟამად სამშენებლო სამუშაო მიმდინარეობს 118 კმ მაგისტრალზე და 2030 წლისთვის ექსპლუატაციაში შესული იქნება 760 კმ მაგისტრალური გზა, რაც აისახება საგზაო უსაფრთხოების ხარისხსა და გადაადგილების დროზე. რაც შეეხება წყალმომარაგებას, 2025 წლისთვის ყველა ქალაქში, 2030 წლისთვის კი მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფილი იქნება სრული ხელმისაწვდომობა სტანდარტის შესაბამის სასმელ წყალზე. 2025 წლისთვის აშენდება მყარი ნარჩენების მართვის ოთხი რეგიონული თანამედროვე ცენტრი, ხოლო 2030 წლისთვის 6-ვე რეგიონული ცენტრი დასრულდება, რომელიც ეტაპობრივად ჩაანაცვლებს 54 ძველ მუნიციპალურ ნაგავსაყრელს.

მუნიციპალიტეტების ფინანსურად გაძლიერების მიმართულებით, სტრატეგიის შესაბამისად, 2025 წლის ბოლოსთვის თვითმმართველობების შემოსულობები მშპ-ის არანაკლებ 7% იქნება“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

დატოვე კომენტარი