ირაკლი ლექვინაძე - სურსათის ეტიკეტირების ახალ რეგულაციებზე ბიზნესსექტორს განმარტებები უნდა მიეცეს
ირაკლი ლექვინაძე - სურსათის ეტიკეტირების ახალ რეგულაციებზე ბიზნესსექტორს განმარტებები უნდა მიეცეს

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე, ახალი ტექნიკური რეგლამენტის მოსალოდნელ შედეგებსა და რეგლამენტით გამოწვეული პრობლემის გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიები ახალი ტექნიკური რეგლამენტის მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების მიზნით, ითხოვენ, რომ ბიზნეს სექტორს მიეცეს დამატებითი დრო და შესაბამისი განმარტებები ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
კომპანიებმა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დახმარების თხოვნით ბიზნესომბუდსმენის ოფისს მიმართეს. აპარატი აგრძელებს საკითხზე მუშაობას მათი ინტერესების დასაცავად და შესაბამისი დასკვნა უკვე გაეგზავნა საქართველოს მთავრობას.

საქართველოს მთავრობამ ბიზნესის მოთხოვნითა და ბიზნესომბუდსმენის რეკომენდაციით, „მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების ვადა 6 თვით გადადო და დღევანდელი მდგომარეობით, ახალი რეგლამენტი 2019 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდება.

„2019 წლის ეტიკეტებში, რომელიც მწარმოებლების მიერ 2018 წელსვე დიდი რაოდენობით იქნა დაბეჭდილი, ვერ მოხდა ახალი ტექნიკური რეგლამენტით დამტკიცებული ცვლილებების გათვალისწინება, რამაც კომპანიები შესაძლო ზარალის საფრთხის წინაშე დააყენა. თუ მათ არ მიეცემათ უკვე დაბეჭდილი ეტიკეტების გამოყენების საშუალება, მაშინ უნდა მოხდეს ეტიკეტების ჩამოწერა, რაც დიდად დააზარალებს თითოეულ მწარმოებელს. გარდა ამისა, არსებობს რამდენიმე შინაარსობრივი საკითხი ეტიკეტზე ინფორმაციის განთავსებასთან დაკავშირებით, რომელიც საჭიროებს უფრო მკაფიო განმარტებებს და სტანდარტიზაციას. იმისათვის, რომ ახალმა ტექნიკურმა რეგლამენტმა კომპანიები არ დააზარალოს, მისი ამოქმედება გონივრული პერიოდით უნდა გადავადდეს და სურსათის ეტიკეტირების შესახებ ახალი რეგულაციების შესასრულებლად, ბიზნესსექტორს მკაფიო განმარტებები უნდა მიეცეს. პროცესში ჩართული ყველა მხარე ღიაა კონსულტაციებისთვის და ვაგრძელებთ საკითხზე აქტიურად მუშაობას“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

2018 წლის 31 ოქტომბრის N519 დადგენილების საფუძველზე, ზემოაღნიშნულ ტექნიკურ რეგლამენტში დამატებით განხორციელდა ცვლილება, რომელიც 2018 წლის 5 ნოემბერს ამოქმედდა და რომლის თანახმად, ისევ შეიცვალა პროდუქტის ეტიკეტირების რიგი წესები. მათ შორის, აღნიშნული ცვლილებით სავალდებულო გახდა საქონლის დამზადების თარიღის მითითება, რამაც  ბიზნესსექტორი ახალი გარემოებებისა და ტექნიკური მოთხოვნების ახალი ცვლილებების წინაშე დააყენა.