ირაკლი ლექვინაძე - „აბრეშუმის გზის ფორუმის“ თემატიკა ჩვენი ქვეყნისთვის რამდენიმე მიმართულებით არის საინტერესო
ირაკლი ლექვინაძე - „აბრეშუმის გზის ფორუმის“ თემატიკა ჩვენი ქვეყნისთვის რამდენიმე მიმართულებით არის საინტერესო

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ „აბრეშუმის გზის ფორუმში“ ბიზნეს სექტორი აქტიურად არის ჩართული.

ლექვინაძე აცხადებს, რომ ფორუმის თემატიკა ჩვენი ქვეყნისთვის რამდენიმე მიმართულებით არის საინტერესო.

„პირველი, ეს არის სატრანსპორტო დერეფნები, ინფრასტრუქტურა, ვაჭრობა და თანმდევი სერვისები, რომლებიც ამ დერეფნის განვითარებას შეიძლება მოჰყვეს თან. ვფიქრობ, ასეთი ტიპის ფორუმებზე სახელმწიფოების მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების ინიცირება ხდება. ასევე, ბიზნესსექტორის მხრიდან, იმ სტრატეგიის ფარგლებში, რაზეც აბრეშუმის გზის მონაწილე ქვეყნები თანხმდებიან, ისინი ადგენენ სტრატეგიებს, თუ რა შეიძლება იყოს თანმდევი ბიზნესისთვის, განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ბიზნეს სექტორი იყო აქტიურად ჩართული და წარმოდგენილი გუშინდელ შეხვედრებზე და არიან დღესაც“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ამასთან, ბიზნესომბუდსმენმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა სჭირდება ქვეყანას, რათა მეტი ინვესტიცია მოიზიდოს.

„შევხედოთ ტენდენციას წლის ჭრილში, ერთ კვარტალში დავინახეთ ინვესტიციის შემცირების მაჩვენებელი. გამოწვევებზე ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ, მათ შორის, შეიძლება ერთ-ერთი იყოს იგივე ვთქვათ რეგულაციები, უფრო მოქნილი ბიუროკრატია, რაც სჭირდება დღეს ბიზნესს იმისთვის, რომ უფრო აქტიურად იყოს წარმოდგენილი, თუმცა ვფიქრობ, საქართველოს აქვს ძალიან ბევრი უპირატესობა, რეგიონში ჩვენ ვრჩებით ერთ-ერთ წამყვან ქვეყნად და ამას ადასტურებს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების შეფასებები, ეს გაჟღერდა გუშინ არა მხოლოდ საქართველოს წარმომადგენლების მხრიდან, არამედ ძალიან ბევრმა სხვა ქვეყნის წარმომადგენელმა და მათ შორის, ავტორიტეტულმა ეკონომისტებმა ამას ხაზი გაუსვეს. ამიტომ, ეს შეფასებები ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.