ირაკლი კოვზანაძე - სოციალური ხარჯები უნდა გაიზარდოს, თუკი ამის საშუალება არის
ირაკლი კოვზანაძე - სოციალური ხარჯები უნდა გაიზარდოს, თუკი ამის საშუალება არის

სოციალური ხარჯები უნდა გაიზარდოს, თუკი ამის საშუალება არის და 2020 წლის ბიუჯეტი ამის საშუალებას იძლევა, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ტენდენციები განიხილეს, რომლის პროექტიც მიმდინარე ეტაპზე საპარლამენტო განხილვის პროცედურებს გადის. კოვზანაძის განმარტებით, მომავალი წლის ბიუჯეტი მიმდინარე წლის ბიუჯეტს 800 მილიონი ლარით აღემატება და 14 მილიარდ 200 მილიონ ლარს შეადგენს. დაგეგმილია სოციალური ხარჯების, მათ შორის პენსიების და ხელფასების ზრდა სამოქალაქო მომსახურების სფეროში.

„2020 წელს, 2019 წლისაგან განსხვავებით, დამატებით 800 მილიონი იქნება მობილიზებული და ასიგნებები 14 მილიარდ 200 მილიონ ლარს აღწევს. ეს ნიშნავს, რომ დამატებითი თანხები მიმართულია რამდენიმე მიმართულებით, როგორიცაა პენსიების ზრდა ყველა კატეგორიის პენსიონერისთვის, ხელფასების ზრდა მასწავლებლებისთვის. პედაგოგებისთვის ხელფასები ორ ეტაპად იზრდება: 2019 წელს იზრდება 150 ლარით და კიდევ 150 ლარით 2020 წელს, რაც ნიშნავს, რომ 2020 წლის სასწავლო წელი რომ დაიწყება, ზრდა 300 ლარი იქნება. ხელფასები ეზრდებათ პოლიციელებსა და ჯარისკაცებს, სამედიცინო დარგის მუშაკებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კაპიტალური ხარჯები იზრდება და 3 მილიარდ 700 მილიონია ამისთვის მობილიზებული. მათ შორის, ინფრასტრუქტურის სამინისტროს თუ 2019 წელს 2 მილიარდი აქვს, 2 მილიარდ 70 მილიონი იქნება 2020 წელს. კლება არც ერთი მიმართულებით არ არის“, – განაცხადა კოვზანაძემ.

დისკუსიის დროს გადაცემის თანაწამყვანი და ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ლევან კალანდაძე დაინტერესდა, მომავალი წლის ბიუჯეტში სოციალური ხარჯების მკვეთრი ზრდა ხელს ხომ არ შეუშლის ეკონომიკურ ზრდას. კოვზანაძე მიიჩნევს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი კარგად არის გაწონასწორებული.

„ბიუჯეტი ამ თვალსაზრისით დაბალანსებულია. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ხარჯებს ვზრდით, ეკონომიკური ზრდის მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ხარჯებია ჩადებული და 3 მილიარდ 700 მილიონია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ შეჩერდეს, რადგან ეს დამატებით სამუშაო ადგილებს აჩენს, ბიზნესს უწყობს ხელს. საქართველო გამტარი ქვეყანაა და შუა აზიისა და კავკასიის ქვეყნებს შავ ზღვასთან აკავშირებს. ამ თვალსაზრისით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ არცერთი ეს პროექტი არ შეჩერდეს“, – განმარტა კოვზანაძემ.

გადაცემის თანაწამყვანმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს შეახსენა, რომ ოპოზიცია მომავალი წლის ბიუჯეტს სოციალური ხარჯების ზრდის გამო საარჩევნოს უწოდებს. კოვზანაძის მოსაზრებით, ოპოზიციას ამის საფუძველი არა აქვს.

„საქართველოში ყოველ წელს არჩევნებია და პენსიაც იზრდება და ამიტომ, სხვა ალეტრნატივა არ გვქვს. ეს ქვეყნა საქართველოს მოქალაქეებს ეკუთვნის და აქედან გამომდინარე მე დასკვნა მაქვს გაკეთებული, რომ სოციალური ხარჯები უნდა გაიზარდოს თუ საშუალებაა და ამის საშუალება ამ ბიუჯეტში არის. ასევე პენსიების ზრდის გარკვეული ვალდებულება გვაქვს მომავალ წლებში“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.