ირაკლი კოვზანაძე - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს შეუძლია მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მოსმენა მოაწყოს
ირაკლი კოვზანაძე - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს შეუძლია მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მოსმენა მოაწყოს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს შეუძლია მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მოსმენა მოაწყოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა. კოვზანაძის თქმით, დროსთან დაკავშირებით შეთანხმებაა საჭირო.

„მამუკა ხაზარაძემ საჯაროდ განაცხადა, რომ პარლამენტში მოსვლა სურთ, რათა კანონმდებლებს გარკვეული ინფორმაცია გააცნონ. აქედან გამომდინარე იყო ჩვენი წინადადებაც, რომ პარლამენტი არის ღია. უპირველეს ყოვლისა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, როგორც პროფილურ კომიტეტს, შეუძლია მოაწყოს ეს შეხვედრა და გავეცნოთ იმ მასალებსა და წინადადებებს, რომელთა გადმოცემაც მათ უნდათ. აქედან გამომდინარე, ვთქვი, რომ ჩვენი კომიტეტი ღიაა. შეგვიძლია, მოვაწყოთ ეს მოსმენა დროის შესაბამის მონაკვეთში, რომელზეც შევთანხმდებით. ეს შეხვედრა შეიძლება მოეწყოს და მოვისმინოთ ის წინადადებები, სურვილები და გულისტკივილი, რომელიც მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვთ. ჩვენ ჩვენი წინადადებები, კითხვები და სურვილები გავაცნოთ“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს – მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს გუშინ, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე არ მიეცათ საშუალება, საკუთარი პოზიციები დაეფიქსირებინათ. როგორც მოგვიანებით მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, მზად არიან, შესაბამის საპარლამენტო კომიტეტში კიდევ ერთხელ მივიდნენ.