ირაკლი კობახიძე - რადიკალურ ოპოზიციას რადიკალიზაციის ყოველგვარი შანსი მოუსპო საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით კენჭისყრამ
ირაკლი კობახიძე - რადიკალურ ოპოზიციას რადიკალიზაციის ყოველგვარი შანსი მოუსპო საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით კენჭისყრამ

გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტმა მიიღო, არის ძალიან ხანგრძლივი პროცესის შემადგენელი ნაწილი, ამ პროცესს ჰქვია დემოკრატიული გადატეხა და ამის შემდეგ მუდმივი, შეუქცევადი დემოკრატიული წინსვლა, რაც ჩვენ შედეგად მივიღეთ 2012 წლიდან, – განაცხადა „ ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მისი თქმით, 2017 წელს გატარებული საკონსტიტუციო რეფორმით ქვეყანა მთლიანად გადავიდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე და გვაქვს ევროპულ სტანდარტებთან სრულად თავსებადი კონსტიტუცია.

„რაც შეეხება ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს იყო კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი, რომ გამყარდეს საქართველოს დემოკრატიული სისტემა. ჩვენ ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ 8 მარტის შეთანხმება აღსრულებულიყო და საკონსტიტუციო ცვლილებები წარმატებით განხორციელებულიყო, რაც არ იყო მარტივი პროცესი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია მაქსიმალურად ცდილობდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდნილიყო და მათ კენჭისყრას ჩამოაშორეს დეპუტატები ემზარ კვიციანი და ადა მარშანია.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ისინი აქტიურად მუშაობდნენ ამაზე, თუმცა საბოლოო ჯამში დაინახეს, რომ ვერ ახერხებდნენ 112-მდე ხმების რაოდენობის შემცირებას, რადგან ჩვენც აქტიურად ვმუშაობდით იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები გასულიყო. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ განხორციელებულიყო. თუმცა კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ და საზოგადოებამ ნახა მათი გაფითრებული სახეები იმ დღეს, როცა სამი მოსმენით კენჭი ეყარა საკონსტიტუციო ცვლილებებს. რადიკალური ოპოზიცია არის ამ პროცესის დამარცხებული. ერთადერთი, რაზეც ისინი ფიქრობდნენ, იყო რადიკალიზაცია და რადიკალიზაციის ყოველგვარი შანსიც მოუსპო მესამე მოსმენით კენჭისყრამ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.