ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტისთვის გადადგომის რეკომენდაციით მიმართვა არასწორია
ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტისთვის გადადგომის რეკომენდაციით მიმართვა არასწორია

პარლამენტის წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტისთვის გადადგომის რეკომენდაციით მიმართვა არასწორია.

ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტმა ისეთი განცხადება გააკეთა, რომელიც ცუდი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რაც ძალიან ცუდია.

„თუმცა, რაც შეეხება გადადგომას, ეს ჩვენი რეკომენდაცია ვერ იქნება. არასწორია პრეზიდენტის მიმართ ასეთი რეკომენდაციით მიმართვა. მით უმეტეს, ორი წუთის წინ ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, კრიმინალ დეპუტატს უნდა შეუწყდეს თუ არა სადეპუტატო უფლებამოსილება. ამას აყენებენ ეჭვქვეშ იგივე კოლეგები და ამ დროს, ისინი სხვა სტანდარტით გვესაუბრებიან პრეზიდენტზე. ეს არ არის სწორი. ჩვენ გვაქვს ერთი სტანდარტი პარლამენტის შემთხვევაში, მივიღებთ გადაწყვეტილებას კონსტიტუციის და რეგლამენტის შესაბამისად. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებებს, ყველას შეუძლია თავისი შეფასება გააკეთოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, მმართველი გუნდის რეპუტაცია ხომ არ ზიანდება ამით, კობახიძე ამბობს, რომ „ქართულ ოცნებაზე“ აქ ვერ გვექნება საუბარი.

„საქართველოს პრეზიდენტი არ არის „ქართული ოცნების“ შემადგენელი ნაწილი. ჩვენი მხარდაჭერით არის არჩეული, თუმცა „ქართული ოცნების“ შემადგენელი ნაწილი არ არის. შესაბამისად, მას აქვს თავისი დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასტან, კითხვაზე, მმართველი გუნდი ზურაბიშვილის მხარდაჭერის გამო პასუხისმგებლობას თუ გრძნობს თუ არა, კობახიძემ აღნიშნა: „განცხადება არ მოგვეწონა და ამასთან დაკავშირებით ვაკეთებთ შეფასებას. თუმცა რაღაციდან სხვა რაღაც არ უნდა შევქმნათ. როდესაც საუბარია პოლიტიკურ ცოდვებზე, ყველამ თავისი პოლიტიკური ცოდვები გაიხსენოს. ერთი განცხადებიდან ნუ შევქმნით რაღაც ქარიშხალს. მოდით, ამ ყველაფრის დრამატიზებასაც ნუ გავაკეთებთ“.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გუშინ სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებს უმასპინძლა და მათ სიტყვითაც მიმართა. პრეზიდენტმა საქართველოსა და კავკასიის შესახებ ცოდნის შეგროვებისა და გავრცელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ საქართველოს ბევრი სერიოზული მეცნიერი მოღვაწეობს და ქართული კულტურის უცხოეთში გატანაში ისინიც უნდა იყვნენ ჩართული. „ჩვენ სხვა არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი, მაგრამ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

​საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის სიტყვები ქართული ჯარის შესახებ დამახინჯდა და კონტექსტის გარეშე, ინტერპრეტაციით გავრცელდა. „ეს არანაირად არ ეხებოდა საქართველოს თავდაცვის ძალებს და მათი ღირსების დაკნინებას. ასეთი ყალბი ინტერპრეტაციის გავრცელება არა მხოლოდ პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობა და ბულინგია, არამედ ეს უპირველესად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და უსაფრთხოებას“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.