ირაკლი კობახიძე - მადლობა ჩვენს სპორტსმენებს ემოციური დღეებისთვის, სამწუხაროდ, ჩვენმა ოპონენტებმა აქაც შემოიტანეს პოლიტიკა და აჩვენეს, რომ ეს წარმატება ისევე სწყინთ, როგორც ქვეყნის სხვა წარმატება
ირაკლი კობახიძე - მადლობა ჩვენს სპორტსმენებს ემოციური დღეებისთვის, სამწუხაროდ, ჩვენმა ოპონენტებმა აქაც შემოიტანეს პოლიტიკა და აჩვენეს, რომ ეს წარმატება ისევე სწყინთ, როგორც ქვეყნის სხვა წარმატება

სამწუხაროდ, ჩვენმა ოპონენტებმა სპორტის თემაშიც კი მოახერხეს პოლიტიკის შემოტანა და აჩვენეს, რომ ქართული სპორტის წარმატება ისევე სწყინთ და არ უხარიათ, როგორც ჩვენი ქვეყნის წარმატება სწყინთ და არ უხარიათ ნებისმიერ სხვა სფეროში, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კობახიძემ თავისი გამოსვლა დაიწყო ქართველი სპორტსმენებისადმი მადლობით.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს სპორტსმენებს იმ ემოციური დღეებისთვის, რომელიც გვაჩუქეს და რამდენიმე დღისთვის, რომელიც იყო ძალიან წარმატებული ქართული სპორტისთვის; მინდა, მადლობა გადავუხადო წყალბურთელებს, რომლებმაც მიაღწიეს ისტორიულ შედეგს, გავიდნენ ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში და გავიდნენ რვა საუკეთესო გუნდს შორის, რაც მართლა ისტორიული შედეგია; კალათბურთელებს ძალიან დიდი მადლობა თურქეთის ძალიან ძლიერ ნაკრებთან ძალიან ღირსეული გამარჯვებისთვის; ლაშა ბექაურს მინდა, გადავუხადო მადლობა ოლიმპიადის შემდეგ ოფიციალურ ტურნირებზე ძალიან წარმატებული დაბრუნებისთვის და პირველი ღირსეული გამარჯვებისთვის; ნიჩბოსან ალექსანდრე წივწივაძეს მინდა, გადავუხადო ასევე მადლობა, რომელმაც ზედიზედ მეორედ მოიგო ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი, რაც არის ძალიან დიდი წარმატება და ბოლოს, მადლობა ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც მართლაც წარმოუდგენელ სიხარულს გვანიჭებს და სიამაყის გრძნობას თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ გულშემატკივარს. მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენს სპორტსმენებს და წარმატებები მინდა, ვუსურვო კალათბურთელებსა და წყალბურთელებს მომდევნო თამაშებში; ხვიჩა კვარაცხელიას მინდა, წარმატებები ვუსურვო ხვალ ჩემპიონთა ლიგის დებიუტზე.

სპორტის თემაზე საუბრისას აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ სამწუხაროდ, ჩვენმა ოპონენტებმა აქაც კი მოახერხეს პოლიტიკის შემოტანა და აჩვენეს, რომ ქართული სპორტის წარმატება ისევე სწყინთ და არ უხარიათ, როგორც ჩვენი ქვეყნის წარმატება სწყინთ და არ უხარიათ ნებისმიერ სხვა სფეროში; მათ მოახერხეს და ხვიჩა კვარაცხელიასაც კი დაუპირისპირდნენ, რომელსაც ჩვენი ქვეყნის სახელი მარტო იტალიაში კი არ გააქვს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით გააქვს ძალიან ღირსეულად; ამ ადამიანებმა, მოკლედ რომ მოვიხსენიო – „ნაციონალებმა“, ლამის სპორტის სახეობა არ დატოვეს, რომ ყველაზე წარმატებულ ჩვენს სპორტსმენებს არ დაპირისპირებოდნენ. ყველას გვახსოვს მაგალითად თავდასხმები ლაშა ტალახეძეზე – ეს არი კაცი, რომელმაც ორი ოლიმპიადა მოიგო და რომელიც ჩვენი განსაკუთრებული სიამაყის საგანია; აქაც კი მოახერხეს მათ თავდასხმა. გვახსოვს სამარცხვინო კამპანია თორნიკე შენგელიას წინააღმდეგ დაახლოებით ერთი წლის წინ, ამის კულმინაცია იყო ხვიჩა კვარაცხელიაზე თავდასხმა „ნაციონალების“ ცნობილი სახეების შესრულებით. ყველას გვესმის, რომ ვახო სანაია და მიშა მშვილდაძე ხვიჩაზე მაგარი თავდამსხმელები ვერასდროს გახდებიან და მათი ნებისმიერი მცდელობა, რომ ჩრდილი მიაყენონ ჩვენი სპორტსმენების გამარჯვებებს, რა თქმა უნდა, წარუმატებლობისთვის არის განწირული; თუმცა თავად ფაქტია საინტერესო და ნიშანდობლივი, ამ ადამიანების ერთობლიობას – რადიკალურ ოპოზიციას ორგანულად აღიზიანებს და აშფოთებს ნებისმიერი წარმატება, რომელსაც საქართველო აღწევს“, – განაცხდა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლარიზებულია არა ხელისუფლებასთან, არამედ საკუთარ სამშობლოსთან, ეკლესიასთან, ხალხთან, სპორტსმენებთან.

„დღეს „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ძველმა სახემ, გია ნოდიამ საინტერესო რამ თქვა: დღეს ხვიჩა კვარაცხელიაზე ხუმრობას ისეთივე სტატუსი აქვს, როგორც 15 წლის წინ პატრიარქის კრიტიკას ჰქონდაო, ანუ აღიარა, რომ 15 წელი „იღწვოდნენ“, რათა პატრიარქის ავტორიტეტს რამენაირად შეხებოდნენ; ალბათ, ასეთივე რუდუნებით აპირებენ სპორტსმენებზე შეტევის გაგრძელებასაც, თუმცა ამ ბრძოლაში ზუსტად ისევე დამარცხდებიან, როგორც პატრიარქთან და ეკლესიასთან არაერთგზის უკვე დამარცხდნენ.

მეგობრებო, ეს ადამიანები არიან პოლარიზებული არა ჩვენთან, არამედ საკუთარ სამშობლოსთან, ეკლესიასთან, ხალხთან, სპორტსმენებთან, ზოგადად – ყველაფერ წმინდასთან, რაც ჩვენს ქვეყანას უკავშირდება და განასახიერებს. ასეთ პირობებში რამ შეიძლება, ეს პირდაპირი გაგებით უსამშობლო და უღმერთო ადამიანები აიძულოს, უარი თქვან რადიკალიზმზე ჩემთვის უბრალოდ წარმოუდგენელია.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა წერილები იმის შესახებ, რომ თქვენ ცუდადა არა საკუთარი უკეთურების, არამედ ვიღაცის აგენტობის გამო იქცევით; მე ამ თემაში დღეს ნამდვილად ვერ შევალ, თუმცა ერთ რამეს ვიტყვი, თქვენ რომ საქართველოს სამსახურში არ დგახართ და ამის სიყვარული და ინტერესები არ გამოძრავებთ, ეს ჩემთვის ცხადზე უცხადესია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.