ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ელჩთან, ლი იანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ელჩთან, ლი იანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ლი იანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოსა და ჩინეთს შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ თანამშრომლობას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ და საინვესტიციო ურთიერთობებს. აღინიშნა ბოლო წლებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივა. მთავრობის მეთაურის თქმით, ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშია და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (FTA) ხელს უწყობს ვაჭრობის ზრდას, რაც 2021 წელს საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვაზე აისახა, კერძოდ – 25%-ით გაიზარდა გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით და 1480.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი, ყოველწლიური შეხვედრა უახლოეს პერიოდში გაიმართება.

ამავე ინფორმაციით, ჩინელმა დიპლომატმა თავის მხრივ ხაზი გაუსვა არსებული ურთიერთობების, მათ შორის საინვესტიციო თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერების მნიშვნელობას საქართველოს პერსპექტიულ ბაზარზე. აგრეთვე აღინიშნა მზარდი დინამიკა ტურიზმის სფეროშიც, რასაც ხელს უწყობს პირდაპირი ფრენები საქართველოსა და ჩინეთს შორის. პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის მთავრობას კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა „კოვიდ-19“-ის ვაქცინების მიღების პროცესში გაწეულ დახმარებაზე, აგრეთვე მუდმივ მხარდაჭერაზე როგორც ტექნოლოგიური, ისე საგრანტო პროექტების მიმართულებებით და ელჩს წარმატება უსურვა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მთავრობის მეთაურს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ჩინეთის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.