ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილის დროს სახელმწიფო იყო მოძალადე, როგორც ტელევიზიაზე, ასევე ბიზნესზე, მოქალაქეზე, ყველაზე
ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილის დროს სახელმწიფო იყო მოძალადე, როგორც ტელევიზიაზე, ასევე ბიზნესზე, მოქალაქეზე, ყველაზე

ყველა მოძალადე დასჯილია, ყველა მოძალადე დაჭერილია, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას.

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფომ ძალადობის ფაქტები აღკვეთა და მოძალადეები დააკავა.

„თქვენი ხელისუფლების დროს სახელმწიფო იყო მოძალადე. თქვენ წარმოადგენთ „ნაცმოძრაობას“. თქვენ ყველანი, სააკაშვილის დროს სახელმწიფო იყო მოძალადე, როგორც ტელევიზიაზე, ასევე ბიზნესზე, მოქალაქეზე, ყველაზე. ქუჩაში თუ რაღაც ჩხუბი მოხდა, ეს სახელმწიფომ აღკვეთა და ყველა მოძალადე დაიჭირა. ეს არის მთავარი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერმა ასევე მიმართა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს: „თქვენ ახლა ძალადობთ ჩემზე, ეს არის ძალადობა და აგრესია. თქვენ ახლა ადგილს აფუჭებთ, თქვენ უნდა იყოთ პარტიაში, წინა ხაზზე, მინდა, პარლამენტში გიხილოთ. თქვენ ხართ ჩვეულებრივი პარტიული აქტივისტი“.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ  სამწუხაროდ, ტელევიზიები გარდაიქმნენ პარტიული ორგანიზაციების დანაყოფებად.

„თქვენ წარმოადგენთ „ფორმულას“. თქვენი ტელევიზია არის პარტიული ტელევიზია და ფინანსდებით ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული, კრიმინალი პოლიტიკოსის, კეზერაშვილის მიერ. თქვენ თუ ხართ პოლიტიკოსი, პარტიის წევრი, მაშინ მელაპარაკეთ. თქვენ ხართ მძარცველი ტელევიზია. მინდა, ერთი გითხრათ, რომ ეს სიყალბე და ძალადობა უნდა დაასრულოთ თქვენ. ამ შემთხვევაში, ველაპარაკები იმ ადამიანებს, ვინც არიან თქვენი მმართველები. სამწუხაროა, რომ ტელევიზიები გარდაიქმნენ რეალურად პარტიული ორგანიზაციების დანაყოფებად. მთელი ის სიყალბე, რაც ამ დღეების განმავლობაში ვიხილეთ, არის მხოლოდ ვიწროპარტიული ინტერესების გატარებისთვის ორგანიზებული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დატოვე კომენტარი