ირაკლი ჩხეიძემ ატაცში ბრინჯაო აიღო - ევროპის ჩემპიონატის სამი მედალი ძმების ანგარიშზეა [ფოტო/ვიდეო]
ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ბათუმის სპორტის სასახლეში მიმდინარეობს, საქართველოს ნაკრების მედლების რიცხვი დღეს ცხრამდე გაიზარდა. 102 კილოგრამ წონით კატეგორიაში ატაცის ბრინჯაოს მედალი ირაკლი ჩხეიძემ აიღო.
ჩხეიძემ პირველ მოძრაობაში ჯერ 163 კილოგრამი აიტაცა, შემდეგ 167 კილოგრამიც დაიმორჩილა, ბოლოს კი წონა სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით 170 კილოგრამამდე გაიზარდა, 20 წლის ქართველმა ძალოსანმა ეს სიმძიმეც დაიმორჩილა და ატაცის ბრინჯაოს მედალსაც დაეუფლა.
მეორე დისციპლინაში ჩხეიძემ პირველი ცდა 202 კილოგრამით დაიწყო და წონა ვერ დაიმორჩილა, ამაზე უფრო ცუდი კი ის იყო, რომ მან მუხლის ტრავმაც გაიმიზეზა. მეორე ცდაზე მიუხედავად ფეხის ტკივილისა ირაკლი 203 კილოგრამს შეეჭიდა, სიმძიმე აწია მაგრამ საყრდენი ფეხის ტკივილის გამო დაფიქსირება ვეღარ შეძლო და ფიცარნაგი კოჭლობით დატოვა. საბოლოოდ ჩხეიძემ ეს წონა მესამე მისვლით დააფიქსირა და 372 (169+203) კილოგრამით ორჭიდი მეოთხე აკვრა კი მეექვსე ადგილზე დაასრულა. ამ წონითი კატეგორიის სამივე ოქროს მედალი (175+216), როგორც მოსალოდნელი იყო უკრაინელმა დმიტრო ჩუმაკმა აიღო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მიმდინარე ევროპირველობაზე უკვე ცხრა მედალი აქვს. ატაცში ვერცხლი და ორჭიდში ბრინჯაო ანტონ პლესნოიმ (96 კგ.) მოიპოვა. სამი მედალი რევაზ დავითაძემ (89. კგ) აიღო, რომელმაც ატაცში ოქრო, აკვრასა და ორჭიდში კი ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა. აკვრაში ოქროს მედალი შოთა მიშველიძემ (61 კგ.) აიღო. ასევე აკვრაში ვერცხლი, ორჭიდში ბრინჯაო კი ირაკლის უფროს ძმას – გოგა ჩხეიძეს (67 კგ.) ერგო.
დღეს მედლების კიდევ სამი კომპლექტი გათამაშდება და საქართველოს პირველი არხი სამივეს წონითი კატეგორიას პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. 12:00 საათიდან 109 კგ წონითი კატეგორიის სპორტსმენები იასპარეზებენ. ქალთა მძიმე წონის (+87 კგ.) წარმომადგენლები ჩემპიონ-პრიზიორებს 15:00 საათიდან გამოავლენენ, 17:30 საათზე კი ტურნირის კულმინაცია დაიწყება და მამაკაცთა მძიმე წონით კატეგორიაში (+ 109 კგ.) მედლებსა და რეკორდებს ირაკლი თურმანიძე და ლაშა ტალახაძე შეუტევენ.