ინგლისის თასის მფლობელი „კრისტალ პალასი“ ევროპის ლიგაზე არ დაუშვეს - მას და „ლიონს“ ერთი მფლობელი ჰყავთ #1TVSPORT
ინგლისის თასის მფლობელი „კრისტალ პალასი“ ვერ ითამაშებს ევროპის ლიგაზე – ასეთია უეფა-ს ოფიციალური გადაწყვეტილება. ამის მიზეზი ის არის, რომ ინგლისურ კლუბსა და ევროპის ლიგაზე გასულ კიდევ ერთ გუნდს „ლიონს“ ერთი მფლობელი ჰყავთ – ჯონ ტექსტორი.
ამერიკელი მილიარდერი ივნისის შუამდე ფლობდა „ლიონისა“ და „კრისტალ პალასის“ აქციათა საკონტროლო პაკეტს. უეფა-ს რეგლამენტი კი კრძალავს ერთი მფლობელის გუნდების მონაწილეობას ერთ ტურნირში. ასეთი შემთხვევისთვის არსებობს მკაფიო პრინციპი: ვინც საკუთარ ჩემპიონატში უფრო მაღალი ადგილი დაიკავა, ის ითამაშებს უფრო პრესტიჟულ ევროტურნირზე. „ლიონი“ ლიგა 1-ში მეექვსე ადგილზე გავიდა, „კრისტალ პალასმა“ კი მე-12 ადგილი დაიკავა პრემიერლიგაში.
ჯონ ტექსტორმა დააგვიანა რეგლამენტში არსებული ხვრელის გამოყენება და ერთი კლუბის მმართველობის სხვისთვის გადაცემა, როგორც ეს თავის დროზე მსგავს სიტუაციაში „მანჩესტერ სიტიმ“ და „მანჩესტერ იუნაიტედმა“ გააკეთეს. ტექსტორს პირველ მარტამდე ჰქონდა დედლაინი. როგორც ჩანს, ის არ ელოდა, რომ „კრისტალ პალასი“ ინგლისის თასს მოიგებდა.
საბოლოოდ, ტექსტორმა 190 მილიონ ფუნტად გაყიდა ლონდონური კლუბის აქციათა 43 პროცენტი, მაგრამ დააგვიანა და ახლა, „კრისტალ პალასი“ 2025-26 წლების სეზონში კონფერენციის ლიგაზე ითამაშებს. მის ადგილს ევროპის ლიგაზე კი „ნოტინგემ ფორესტი“ დაიკავებს.