ინგლისის პრემიერლიგა 18 გუნდამდე არ შემცირდება
ინგლისის პრემიერლიგა 18 გუნდამდე არ შემცირდება

ინგლისის პრემიერლიგამ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც ინგლისის ჩემპიონატში გუნდების რაოდენობა 20-დან 18-მდე არ შემცირდება.

იტყობინებიან, რომ პრემიერლიგის ოცივე გუნდმა ერთხმად უთხრა უარი ამ წინადადებას. აღნიშნულ პროექტს მხარს არ დაუჭერენ არც პრემიერლიგაში და არც ინგლისის საფეხბურთო ასოციაციაში. გარდა ამისა, ლიგის აქციონერები დათანხმდნენ – ერთ გუნდად იმუშაონ ინგლისური ფეხბურთის მომავალი სტრუქტურის სტრატეგიულ გეგმასა და დაფინანსებაზე. ამისთვის ისინი კონსულტაციებს გაივლიან ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა უზრუნველყონ დინამიური, კონკურენტუნარიანი და მყარი საფეხბურთო პირამიდა.

შეგახსენებთ, რომ პროექტი „დიდი სურათი“ (Project Big Picture), რომელზეც მუშაობდნენ „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ლივერპული“, განიხილავდა გუნდების რაოდენობის შემცირებას 20-დან 18-მდე. ასევე, პროექტის მიხედვით უნდა გაუქმებულიყო ინგლისის ლიგის თასი და ინგლისის სუპერთასი. პირდაპირ საგზურს უმაღლეს დივიზიონში მიიღებდა ჩემპიონშიფის ორი გუნდი და არა სამი, როგორც ახლა ხდება.