ინდონეზიაში ვულკანი სემერუ ამოიფრქვა
ინდონეზიაში ვულკანი სემერუ ამოიფრქვა

ინდონეზიაში ვულკანი სემერუ ამოიფრქვა. კრატერიდან ამოსული ფერფლისა და კვამლის სვეტმა 5.6 კმ-ის სიმაღლეს მიაღწია. ვულკანის ამოფრქვევა იავაზე, ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ კუნძულზე მოხდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მოსახლეობის ევაკუაციასთან დაკავშირებით ბრძანება ამ დრომდე არ გაცემულა. ინფორმაცია არ ვრცელდება მსხვერპლისა და დაშავებულთა შესახებ.

ვულკანი ადგილობრივი დროით, დაახლოებით 17:24 საათზე ამოიფრქვა. სემერუ კუნძულ იავის უმაღლეს წერტილს წარმოადგენს. სემერუს ხშირად სტუმრობენ ტურისტები. ის აგრეთვე ცნობილია, როგორც მაჰამერუ, რაც „დიად მთას“ ნიშნავს. ვულკანი ბოლოს დეკემბერში ამოიფრქვა, რის გამოც 550 ადამიანის ევაკუირება მოხდა.

გასული კვირის განმავლობაში ინდონეზიაში რამდენიმე მეწყერი და მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. ამასთან, 9 იანვარს ინდონეზიური ავიაკომპანია Sriwijaya Air-ის კუთვნილი „ბოინგი 737-500“ ჯაკარტის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ იავის ზღვაში ჩავარდა. „ბოინგის“ ბორტზე 62 ადამიანი იმყოფებოდა.