იმედია, კიდევ ბევრს გავიტან - არაბულმა სადებიუტო გოლზე ისაუბრა #1TVSPORT
იმედია, კიდევ ბევრს გავიტან - არაბულმა სადებიუტო გოლზე ისაუბრა #1TVSPORT

ბაჩანა არაბულმა პირველი ავსტრალიური გოლი A ლიგაში, კემპბელთაუნის სტადიონზე გაიტანა და დაძაბულ მატჩში „მაკარტურს“ „პერტ გლორისთან“ მოგებაში (1:0) დაეხმარა.

ქართველმა თავდამსხმელმა 71-ე წუთზე გამოიჩინა თავი, ალ-ჰასან ტურეს ფლანგური გადაცემის დროს მეტოქის საჯარიმოში უკანა ძელთან კარგად გაიხსნა და სამი ქულის ტოლფასი გოლით დუაიტ იორკის გუნდი მჭიდრო სატურნირო ცხრილში მეათედან მე-4 ადგილზე დააწინაურა.

არაბულის კარგი თამაშით „მაკარტურს“ ანგარიშის გახსნა ჯერ კიდევ 51-ე წუთზე შეეძლო, როდესაც მცველს საჯარიმოსთან ბურთი აართვა და ულისეს ალეხანდრო დავილა დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ მექსიკელმა შემტევმა ბურთი კარს ააცილა.

მატჩის შემდეგ ბაჩანა არაბულმა სადებიუტო გოლით სიხარული ემოციურად გამოხატა და იმედი გამოთქვა, რომ პირველი ღირებული წარმატება ავსტრალიური კარიერის აწყობაში დაეხმარება.

„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი თამაში ჩვენთვის. პირადად მეც ჩემს პირველ გოლს ჩამოსვლის შემდეგ ველოდი. ეს უკვე მოხდა და იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში კიდევ ბევრის გატანას მოვახერხებ. ეს არ იყო ჩვენი საუკეთესო თამაში, მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ თამაში მოვიგეთ და სამი ქულა მოვიპოვეთ“, – განაცხადა ბაჩანა არაბულმა Paramount-თან.

დუაიტ იორკის გუნდი ახალ წლამდე კიდევ ერთ მატჩს გამართავს – „მაკარტური“ 24 დეკემბერს ითამაშებს და გასვლაზე „სიდნეის“ ესტუმრება.