ილიას ზუროსის ღირსეული საქციელი - საქართველოს ნაკრები ესპანურ „ბურგოსზე“ არ გაცვალა #1TVSPORT
ილიას ზუროსის ღირსეული საქციელი - საქართველოს ნაკრები ესპანურ „ბურგოსზე“ არ გაცვალა #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2016 წლიდან მუშაობს ბერძენი სპეციალისტი ილიას ზუროსი. მას საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 2022 წლის ბოლომდე აკავშირებს და ეროვნულ გუნდს ამზადებს ევრობასკეტისთვის, რომლის ერთ ჯგუფს თბილისი უმასპინძელბს.

გამოცემა „ევროჰუპსმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმად ილიას ზუროსს ესპანეთის უმაღლესი ლიგის წარმამადგენელი „ბურგოსი“ ეპატიჟებოდა, თუმცა საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ კლუბში წასვლის ნებართვა არ მისცა.

ამ საკითხთან დაკავშირებით ვესაუბრეთ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალურ მდივან გიორგი ქართველიშვილს, რომელმაც აღნიშნა, რომ  ბერძენმა სპეციალისტმა  თავად გადაწყვიტა „ბურგოსის“ ხელმძღვანელობისთვის უარის თქმა:

„როდესაც ილიას ზუროსმა ესპანური გუნდისგან წინადადება მიიღო, საქმის კურსში ჩაგვაყენა. უცხოურ საიტებზე გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კალათბურთის ფედერაციამ მას „ბურგოსში“ გადასვლის ნებართვა არ მისცა, სიმართლეს არ შეეფერება. მას ჩვენთან კონტრაქტის გაწყვეტასა და ესპანეთში გადასვლაზე არც უსაუბრია, თავად გადაწყვიტა „ბურგოსისთვის“ უარის თქმა. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ილიას ზუროსის მიდგომას საქმისა და საქართველოს ნაკრებისადმი. იგი ღირსეულად მოიქცა, დაწყებული საქმე შუა გზაზე არ მიატოვა მიუხედავად იმისა, რომ „ბურგოსში“ გაცილებით მაღალ ანაზღაურებას მიიღებდა.“

ჩნდება ლოგიკური შეკითხვა – არ შეეძლო ერთდროულად ემუშავა როგორც „ბურგოსში“ ასევე საქართველოს ნაკრებში? კალათბურთში მსგავსი პრეცედენტი დაშვებულია, იგორ კოკოშკოვიც პარალელურად მოღვაწეობს თურქულ „ფენერბაჰჩესა“ და სერბეთის ნაკრებში. თუმცა სხვა ვითარებაა პირენეებზე – ესპანეთის ლიგის წესების თანახმად უმაღლესი ლიგის კლუბში მოღვაწე მწვრთნელს ნაკრებში მუშაობის უფლება არა აქვს.

ასე რომ, ილიას ზუროსს ბურგოსელების წინადადება რომ მიეღო, საქართველოს ნაკრებზე უარი უნდა ეთქვა. ეს კი საქმის შუა გზაზე მიტოვაბეს ნიშნავდა. შეგახსენებთ, რომ ბერძენმა მწვრთნელმა ჩვენი ეროვნული გუნდი 2016 წელს ჩაიბარა და ევრობასკეტი 2017-ის შესარჩევ ჯგუფში პირველ ადგილზე გაიყვანა. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ნაკრებს თანმიმდევრობით გამოაკლდნენ ლიდერები – ვიქტორ სანიკიძე, ზაზა ფაჩულია, მანუჩარ მარკოიშვილი…

შესაბამისად, ილიას ზუროსმა ხელახალი კონტრაქტის გაფორმებისას (2017 წელს) ამაყად თქვა – საქართველო ჩემი მეორე სამშობლოაო და დასძინა, რომ მისი ამოცანა მომავალი ევრობასკეტისთვის საქართველოს ნაკრების უმაღლეს დონეზე მომზადება იქნებოდა. „მომავალი ევრობასკეტი“ კი ჯერ 2021 წელს ჩაინიშნა, კორონავირუსის პანდემიის გამო 2022 წლისთვის გადაიდო. რაც მთავარია, მის ერთ ჯგუფს საქართველო უმასპინძლებს. სწორედ საქართველოში ღირსეულად გამოსასვლელად ემზადება როგორც ნაკრების თითოეული წევრი, ასევე მთავარი მწვრთნელი.

სანაკრებო პაუზების გარდა ილიას ზუროსი ყოველ ზაფხულს ჩამოდის საქართველოში და უახლოეს რეზერვს საქმეში ცდის. წლეულს მისი თბილისში ვიზიტი 18 ივლისს იგეგმება, 20 ივლისიდან კი საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ისეთ ქვეყნებს უმასპინძლებს როგორებიც არიან საფრანგეთი, გერანია, თურქეთი, ბულგარეთი და ბელგია. ზუროსი მატჩებზე დაკვირვების პარალელურად ნაკრების საქართველოში მყოფი წევრებისა და ახალგაზრდებისთვის საზაფხულო კემპს მოაწყობს.