ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა დონალდ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე ერთობლივად წარადგინეს
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე ერთობლივად წარადგინეს, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სომხეთმა, აზერბაიჯანმა და აშშ-მა 2025 წლის 8 აგვისტოს შეთანხმებიდან ერთი წლის შემდეგ ერთობლივად გაავრცელეს და რომელსაც ხელს სამივე ქვეყნის წარმომადგენელი აწერს.
„მშვიდობის უზრუნველსაყოფად ამ ისტორიული და უზარმაზარი ძალისხმევის აღიარების ნიშნად, პრეზიდენტმა ალიევმა და პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ერთობლივად წარადგინეს პრეზიდენტი ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე. ერთობლივმა დეკლარაციამ, შეერთებული შტატების მხარდაჭერით, სომხეთსა და აზერბაიჯანს მშვიდობის გასაძლიერებლად, კეთილდღეობის მისაღწევად და პარტნიორობის გაღრმავებისთვის კონკრეტული გზამკვლევი შესთავაზა“, – წერია საერთო განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, მდგრადი სტაბილურობისთვის აუცილებელი ზომების მეშვეობით, მხარეებს შორის ურთიერთობა დასტაბილურდა.
„სომხეთმა და აზერბაიჯანმა შეინარჩუნეს სტაბილურობა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე და ორივე მხარე კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, საზღვრების დელიმიტაციისა და ნდობის აღსადგენად, ხანგრძლივი სტაბილურობისთვის აუცილებელი ზომების მეშვეობით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ხაზგასმით წერია, რომ მხარეებმა ხელი მოაწერეს ქარტიას, რომელიც სახელმწიფოებს შორის ახალ, ორმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობას და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ასახავს.
ცნობისთვის, 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში, თეთრ სახლში დონალდ ტრამპის შუამავლობით ერევანსა და ბაქოს შორის სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა, რამაც სომხეთსა და აზერბაიჯას შორის ურთიერთობები გააუმჯობესა.