იგორ კოკოშკოვმა სტამბოლის “ფენერბაჰჩე” 3 წლით ჩაიბარა
იგორ კოკოშკოვმა სტამბოლის “ფენერბაჰჩე” 3 წლით ჩაიბარა

ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობმა სერბმა სპეციალისტმა, რომელმაც მთავარი მწვრთნელის პროფესიული კარიერა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2008 წელს დაიწყო და აღნიშნულ პოსტზე 2015 წლამდე იმუშავა, ევროპის ერთ-ერთი გრანდი ჩაიბარა. ამ ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.

იგორ კოკოშკოვმა სტამბოლის „ფენერბაჰჩესთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ევროლიგისა და ჩვენი კონტინენტის ერთ-ერთ წამყვან გუნდს უთავკაცებს.

კოკოშკოვს აქამდე ევროპული კლუბი არ გაუწვრთნია, თუ არ ჩავთვლით მშობლიურ სერბეთში, სამწვრთნელო კარიერის გარიჟრაჟზე ყოფნისას „ბელგრადის“ სამწვრთნელო შტაბში მუშაობას. სამაგიეროდ, კოკოშკოვი გახლავთ ეროვნული ნაკრების დონეზე ევროპის ჩემპიონი – 2017 წელს სლოვენია მისი თავკაცობით კონტინენტის საუკეთესო გუნდი გახდა. გარდა ამისა, ყველამ კარგად იცის კოკოშკოვის დამსახურება საქართველოს ეროვნულ ნაკრებში – როცა 2008 წლიდან მოყოლებული მისი ხელმძღვანელობით ჩვენი ეროვნული გუნდი გამუდმებით პროგრესს განიცდიდა.