იენს სტოლტენბერგი - მიგვაჩნია, რომ არჩევნები იქნება უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად, ეს აუცილებელია საქართველოსთვის და ნატო-სთვის
იენს სტოლტენბერგი - მიგვაჩნია, რომ არჩევნები იქნება უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად, ეს აუცილებელია საქართველოსთვის და ნატო-სთვის

​მიგვაჩნია, რომ არჩევნები იქნება უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად, ეს აუცილებელია საქართველოსთვის და ნატო-სთვის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენი შეხვედრის დროს ვისაუბრეთ საქართველოსა და ნატო-ს შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით. მიმდინარე წლის დასაწყისში მოკავშირეები შეთანხმდნენ პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაზე. ეს მოიცავს საჰაერო მიმოსვლის რადარის მონაცემთა ბაზის გაზიარებას, კიბერუსაფრთხოებაზე ერთობლივ მუშაობას, ასევე ერთობლივი წვრთნების ჩატარებას შავი ზღვის რეგიონში.

ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონების აღიარება და გაიყვანოს თავისი ჯარები.

მივესალმებით საქართველოს პროგრესს რეფორმების განხორციელების მიმართულებით. თქვენმა ქვეყანამ უკვე მიაღწია კარგ პროგრესს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისა და დემოკრატიის გაძლიერების კუთხით. ჩემი გზავნილია, განაგრძოთ ყველა შესაძლებლობის სრული გამოყენება ნატო-სთან დაახლოებისთვის და წევრობის მომზადებისათვის.

მიგვაჩნია, რომ არჩევნები იქნება უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად. ეს აუცილებელია საქართველოსთვის და ნატო-სთვის. საქართველოსთან ნატო-ს პარტნიორობა ჩვენ ყველას უფრო უსაფრთხოს გვხდის“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.