იაპონიაში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა
იაპონიაში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

იაპონიის ქალაქ მაცუიამაში, ეჰიმეს პრეფექტურის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის წარდგენას „Red Bridge“-ის ხელმძღვანელი, იაპონიაში ერთადერთი ღვინის მაგისტრი, კენიჩი ოჰაში უძღვებოდა.

ღვინის მოხმარების კუთხით, მაცუიამა არის ლიდერი ქალაქი რეგიონში. დეგუსტაციას 60-მდე ადგილობრივი ღვინის იმპორტიორი, დისტრიბუტორი და რესტორნების ქსელების წარმომადგენელი დაესწრო.

„ძალიან ვაფასებ ყველა მონაწილეს, რომლებიც ქართული ღვინის დეგუსტაციას ესწრებიან. საქართველო არის ღვინის სამშობლო, სადაც 525 ადგილობრივი ვაზის ჯიშია. ისევე როგორც იაპონური სამზარეულო, ქვევრის ღვინის დამზადების ტექნოლოგიაც შესულია „იუნესკოს“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში. ჩვენ მომავალ წელსაც გავაგრძელებთ ქართული ღვინის მარკეტინგულ აქტივობებს საქართველოში“, – აღნიშნა ღვინის მაგისტრმა.

კენიჩი ოჰაშიმ, რომელიც იაპონიაში „ქართული ღვინის ელჩად“ითვლება, ადგილობრივ პროფესიონალებს შვიდი დასახელების ქართული ღვინო წარუდგინა.

იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, ექსპორტირებულია 170 ათასზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც 68%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.