იაია ტურე – „იბერიასთან“ განმეორებით შეხვედრაშიც ანალოგიური მიდგომა დაგვჭირდება #1TVSPORT
ბრატისლავის „სლოვანის“ მთავარმა მწვრთნელმა, იაია ტურემ თბილისის „იბერიასთან“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი შეაფასა. „მიხეილ მესხი არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე ტურემ გუნდის თამაშსა და საპასუხო დაპირისპირებაზე ისაუბრა.
„დღევანდელი მატჩის შედეგი ბევრ ფაქტორზე იყო დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის ბოლო წუთები საკმაოდ დაძაბული გამოდგა, მეტოქეს სხვაობის შემცირების შანსი არ მივეცით. პირველი თამაშის ანგარიშითა და ფეხბურთელების მენტალური განწყობით კმაყოფილი ვარ. ბუნებრივია, უკეთესი ხარისხის ფეხბურთის ჩვენება გვსურდა და ამაზე აუცილებლად ვიმუშავებთ. სათამაშო ხარისხით ბოლომდე კმაყოფილი ვერ ვიქნები, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რამდენიმე მოთამაშე გვაკლდა.
წინასწარ გვქონდა თუ არა დამუშავებული ხელოვნური თამაშგარეები? რა თქმა უნდა. მიხარია, რომ თავი კარგად დავიცავით – ორი გოლი გაგვიტანეს, მაგრამ ორივე გაუქმდა. მინდა, განსაკუთრებულად გამოვყო ვიმერი, რომელიც ფანტასტიკური ფეხბურთელია.
რაც შეეხება ბართიშვილს, „იბერიამ“ „ფლორასთანაც“ და დღესაც დაამტკიცა, რომ კარგი გუნდია, თუმცა კონკრეტულად რომელიმე ფეხბურთელზე ყურადღება არ გამიმახვილებია. წინ ორმატჩიანი დუელის მეორე ნაწილი გველის. ბრატისლავაში საპასუხო შეხვედრა რთული იქნება და კარგად უნდა მოვემზადოთ, იქაც ზუსტად იგივე მიდგომა დაგვჭირდება. დღეს შეტევაშიც და ფიზიკური მომზადების კუთხითაც საუკეთესოდ ვერ გამოვიყურებოდით, ასე რომ, ამ კომპონენტებში დახვეწა გვმართებს“, – ამბობს ტურე.
თბილისის „იბერია“ ბრატისლავაში ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩს 29 ივლისს ჩაატარებს. იქამდე კი, 24 ივლისს საქართველოს თასის ეგიდით ზესტაფონში „მარგვეთს“ ესტუმრება.