ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „იბერია“ „სლოვანთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „იბერია“ საკუთარ მოედანზე სლოვაკეთის „სლოვანს“ დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.
სტადიონზე მისული 15 ათასამდე გულშემატკივრის გასახარად, ნდრეი დემჩენკოს გუნდმა თამაში შესანიშნავად დაიწყო და მე-5 წუთზე გოლიც გაიტანა – ზვიად ნაჭყებიას გადაცემით ანგარიში ვახო ბედოშვილმა გახსნა, მაგრამ ვიდეორეფერიმ თამაშგარე დააფიქსირა და გოლი არ ჩაითვალა.
მე-14 წუთზე ალექსეი მაროსის დარტყმის შემდეგ თბილისელები მეკარე გიორგი მაკარიძემ გადაარჩინა, მაგრამ 25-ე წუთზე, სტუმართა კუთხურს ანდრაზ შპორარის გოლი მოჰყვა და ანგარიში გაიხსნა. შვიდ წუთში კი სლოვაკების უპირატესობა ეფექტური „მაკრატელა“ დარტყმით ლასანა ირაიანგმა გაზარდა.
„იბერია“ მეორე ტაიმში სხვაობის შემცირებას შეეცადა, 64-ე წუთზე ანდრია ბართიშვილის გადაცემით გიორგი ქობულაძემ გაიტანა – მაგრამ ვიდეორეფერიმ ისევ თამაშგარე დააფიქსირა და მასპინძელთა მეორე გოლიც გაუქმდა.
თბილისის „იბერია“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს 29 ივლისს ბრატისლავაში გამართავს. თუმცა მანამდე, 24 ივლისს საქართველოს თასზე ზესტაფონში „მარგვეთს“ ესტუმრება.