იაგო ხვიჩია - მედიის ნაწილთან დაკავშირებით მომზადებული ჩანაწერით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ორმხრივად იზღუდება
იაგო ხვიჩია - მედიის ნაწილთან დაკავშირებით მომზადებული ჩანაწერით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ორმხრივად იზღუდება

მედიის ნაწილთან დაკავშირებით მომზადებული ჩანაწერით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ორმხრივად იზღუდება, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებულ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, კანონპროექტში არის საშიში ნაწილი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციად არის შეფუთული.

„მედიის ნაწილთან დაკავშირებით მომზადებული ჩანაწერით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ორმხრივად იზღუდება. იზღუდება, როგორც პოლიტიკური პარტიების გამოხატვის თავისუფლება, როგორც თავად ჩათვლიან საჭიროდ, პოლიტიკური ოპონენტი ისე გააკრიტიკონ და ასევე, იზღუდება მედიის თავისუფლების ნაწილი. როცა მედიას წესებს უდგენს მარეგულირებელი კომისია და მის მიმართ რეპრესიას ატარებს იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მოეჩვენა სიძულვილის ენად, დაუსაბუთებელ კრიტიკად ან შეურაცხყოფად. ეს არის კანონპროექტის საშიში ნაწილი, რომელიც შუფუთულია თითქოს საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციად. რეალურად, ეს არის გამოძახილი პატრიარქის ქადაგების და შემდეგ იმის, რასაც ირაკლი კობახიძე ლობირებდა, როცა ამბობდა, რომ გამოხატვის თავისუფლების ეს ფარგლები დაუშვებელია იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანები ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებენ.

რეალურად, ზღვარი გადის – შეურაცხყოფა არის თუ არა გამოხატვის თავისუფლება. მარეგულირებელი კომისია თვლის, რომ მზრუნველია და იმისათვის, რომ ცუდი რაღაცები არ ვილაპარაკოთ, გამოხატვის თავისუფლებას ამ მოტივით ზღუდავს. ამ ჩანაწერთან დაკავშირებით ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ პოლიტიკოსები და მედია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებებით, პოლიტიკური პარტიის ანტირეკლამა სარეკლამო რგოლის 25 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.