ია მეტრეველი - 7 ნოემბერი არის ძალადობრივი დღე, რომელიც გვახსოვს და არასდროს ამოვა ჩვენი მეხსიერებიდან
ია მეტრეველი - 7 ნოემბერი არის ძალადობრივი დღე, რომელიც გვახსოვს და არასდროს ამოვა ჩვენი მეხსიერებიდან

ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი აცხადებს, რომ 7 ნოემბერი არის ძალადობრივი დღე, რომელიც საზოგადოებამ უნდა გაიხსენოს და უთხრას არა იმ რეჟიმს, რომლის ხელისუფლების პირობებშიც მოხდა აქციისა და ტელევიზიის დარბევა.

„დღეს არის 7 ნოემბერი. ეს არის ერთ-ერთი უმძიმესი დღე, რომელიც იყო სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში, როდესაც ის საკუთარ ხალხს სასტიკად გაუსწორდა. ამ აქციის შემდეგ დარჩა ბევრი ფიზიკურად შეურაცხყოფილი ადამიანი, რომლებიც დღემდე ეტლს არიან მიჯაჭვული, ამ დღეს დიდი ტრავმები მიიღო ხალხმა. ასევე, ამ სასტიკ დარბევას მოყვა „იმედის“ დარბევაც, სადაც ჟურნალისტებს გაუსწორდნენ ფიზიკურად.

ეს არის ძალადობრივი დღე, რომელიც გვახსოვს და არასდროს ამოვა ჩვენი მეხსიერებიდან. დღევანდელი დღე იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ წინ გვაქვს მეორე ტური რომელზეც, მთელმა საზოგადოებამ უნდა გაიხსენოს ის ძალადობრივი რეჟიმი. საზოგადოებამ უნდა უთხრას არა იმას, რაც იყო ცხრა წლის წინ, რომ არ მოხდება მათი დაბრუნება. დღეს მოუწოდებთ საზოგადოებას, ყველა იმ ადამიანს, ვისაც გული შესტკიოდა იმ მოვლენებზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა, ყველა გამოვიდეს, რომ სააკაშვილის რეჟიმს და მათ მომხრეებს დავანახოთ, რომ ჩვენ არ დაუშვებთ მათ მობრუნებას, საზოგადოებას არ უნდა იმ ჯოჯოხეთში მობრუნება. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი აქცია. არა მარტო ჩვენი, არამედ საზოგადოების გაერთიანებული წევრები უერთდებიან, ასევე რუსთაველის თეატრში იმართება შეკრება, რასაც ჩვენ შევუერთდებით, მსვლელობა მოეწყობა იმ ადგილას, სადაც დაიწყო ეს ყველაფერი“, – განაცხადა ია მეტრეველმა.

დღეს, 14:00 საათზე რუსთაველის თეატრში საზოგადოების ნაწილი შეიკრიბება და 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს გააპროტესტებს. 16:00 საათზე კი რუსთაველის გამზირზე სახალხო მოძრაობა „არა ნაციზმს“ მშვიდობიან მსვლელობას – „გვახსოვს 7 ნოემბერი“ გამართავს.