რუსთაველის თეატრში „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო შეკრება გაიმართება
რუსთაველის თეატრში „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო შეკრება გაიმართება

რუსთაველის თეატრში დღეს საზოგადოების ნაწილი შეიკრიბება და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდსა და 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს გააპროტესტებს.

„დღეს, თითოეული ჩვენგანი დგას რეალობის წინაშე, როდესაც – სააკაშვილის მოძალადე რეჟიმი კვლავ ცდილობს ხელში ჩაიგდოს ძალაუფლება. ამიტომ, ყველა, ვინც ვაცნობიერებთ ამ საფრთხეს – ვალდებული ვართ, დროებით გვერდზე გადავდოთ ყველა საფუძვლიანი პრეტენზია და დავიცვათ ჩვენი მთავარი მონაპოვარი – თავისუფლება.

7 ნოემბერს 14:00 საათზე, ყველაზე სიმბოლურ დღეს, მოდი რუსთაველის თეატრში თავისუფლების დასაცავად!“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები, საზოგადოება „მე ვიცავ თავისუფლებას“ წარმომადგენლები.

საზოგადოებამ – „მე ვიცავ თავისუფლებას“ რამდენიმე დღის წინ მიმართვა გაავრცელა, რომლის ხელმომწერების განცხადებითაც, შეკრებაზე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ.

ამასთან, 16:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე სახალხო მოძრაობა „არა ნაციზმს“ მშვიდობიან მსვლელობას – „გვახსოვს 7 ნოემბერი“ გამართავს.