ჰიუსტონში მიმდინარე დემონსტრაციაში ფლოიდის ბავშვობის მეგობრები და ოჯახის წევრები მონაწილეობენ
ჰიუსტონში მიმდინარე დემონსტრაციაში ფლოიდის ბავშვობის მეგობრები და ოჯახის წევრები მონაწილეობენ

ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ხალხმრავალი აქცია მიმდინარეობს. მსვლელობაში ფლოიდის ბავშვობის მეგობრები და ოჯახის წევრები მონაწილეობენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აქციაში 25 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. მსვლელობის დაწყებამდე მომიტინგეებმა ჰიუსტონის მერიასთან ჯორჯ ფლოიდისა და პოლიიცის მიერ მოკული სხვა შავკანიანი ამერიკელების ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად მუხლი მოიყარეს.

ჯორჯ ფლოიდს სწორედ ჰიუსტონში დაკრძალავენ, სადაც ის მინეაპოლისში გადასვლამდე ცხოვრობდა. დაკრძალვის ცერემონია 9 ივნისს გაიმართება. დაკრძალვას სავარაუდოდ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც დაესწრება.

ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს ამერიკის შეერთებული შტატების სხვა ქალაქებშიც. ათასობით ადამიანი მშვიდობიან დემონსტრაციას მართავს ჩიკაგოში, ასევე, ამჟამად აქციები იმართება ორლანდოში, ლოს ანჯელესში, ნიუ იორკში, ვაშინგტონში.

გასული დღეების განმავლობაში არეულობების გამო, აშშ-ის ათზე მეტ ქალაქში, მათ შორის ნიუ იორკში, ლოს ანჯელესში, სან ფრანციკოში, ოუკლენდში, 2 ივნისის საღამოს კომენდანტის საათი ამოქმედდება.