ჰარი კეინმა „ბაიერნში“ 100 გოლი დააგროვა - ყველაზე სწრაფად 21-ე საუკუნეში #1TVSPORT
გერმანიის ჩემპიონატის მეექვსე ტურში „ბაიერნმა“ შინ 4:0 დაამარცხა „ვერდერი“.
ამ მატჩში დუბლი შეასრულა ჰარი კეინმა, რითაც მან მიუნხენურ კლუბში 100 გოლი დააგროვა. ამისთვის ინგლისელს 104 მატჩი დასჭირდა და რეკორდიც დაამყარა – 21-ე საუკუნეში TOP 5 ქვეყნების ლიგებში ასე სწრაფად 100 გოლამდე არავინ მისულა: კრიშტიანო რონალდოსა (რეალი) და ერლინდ ჰალანდს (მანჩესტერ სიტი) 105 მატჩი დასჭირდათ.
„ვერდერთან“ მატჩის შემდეგ ჰარი კეინმა უპასუხა შეკითხვას პრემიერლიგაში სავარაუდო დაბრუნებაზე, რათა მან დაამხოს ალან შირერის რეკორდი. ამ უკანასკნელს ინგლისის ჩემპიონატში 260 გოლი აქვს გატანილი, კეინის ანგარიშზე კი 213 გოლია.
„მე ეს დიდად არ მაღელვებს. როცა ინგლისიდან მივდიოდი, ვფიქრობდი, რომ დავბრუნდებოდი რეკორდისთვის. მაგრამ მას შემდეგ, რაც აქ ვარ, ძალიან მომწონს ასეთ დონეზე თამაში.
რაც შეეხება კონტრაქტის გაგრძელებას, შეიძლება ამის განხილვა. ჯერ თითქმის ორი წელი დამრჩა და პანიკის საფუძველი არ არსებობს. ვფიქრობ, ისინი კმაყოფილნი არიან ჩემით და მეც კმაყოფილი ვარ აქ ყოფნით“, – განაცხადა კეინმა.