ჰარდენის 42 ქულა ჰიუსტონს არ ეყო - გოლდენ სტეიტმა დიდი სხვაობით წააგო
ჰარდენის 42 ქულა ჰიუსტონს არ ეყო - გოლდენ სტეიტმა დიდი სხვაობით წააგო

ჯეიმს ჰარდენი შთამბეჭდავ სერიას განაგრძობს. „როკეტსის“ ლიდერმა, ამჯერად 42 ქულით გამოიჩინა თავი. ლიგის საუკეთესო ბომბარდირის შესანიშნავი თამაში „ჰიუსტონს“ „მინესოტას“ დასამარცხებლად არ ეყო. „ტიმბერვულვზმა“ საკუთარ „თარგეტ ცენტრში“ ანგარიშით 121-111 მოიგო. მასპინძელთა გამარჯვება, ძირითადად ჯეფ ტიგის და კარლ ენტონი თაუნსის ასპარეზობამ განაპირობა. ტიგმა, 27 ქულასთან ერთად, 12 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. თაუნსის მონაგარმა კი, 25 ქულა და 9 მოხსნა შეადგინა. მინიაპოლისელები პლეიოფში მოსახვედრად იბრძვიან და ჯერჯერობით, დასავლეთ კონფერენციის საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრის შანსს ინარჩუნებენ. „ჰიუსტონი“ ამ ეტაპზე მეხუთე ადგილზე იმყოფება.


აღმოსავლეთ კონფერენციაში, ცენტრალური დაპირისპირება „ინდიანამ“ საკუთარ დარბაზში, „მილუოკისთან“, ანგარიშით 97-106 წააგო. კვლავ გაიბრწყინა იანის ანტეტუკონმპომ. ბერძენმა კალათბურთელმა სამმაგი დუბლი შეასრულა (33 ქულა, 19 მოხსნა, 11 გადაცემა). სტუმრებმა ბოლო მეოთხედში გატეხეს მეტოქე. ბუდენჰოლცერის გუნდმა დასკვნითი 12-წუთეული ანგარიშით 30-18 მოიგო. „ბაქსი“ პირველ პოზიციაზეა, „პეისერსი“ კი მესამეა.


მოულოდნელად, დიდი სხვაობით წააგო „გოლდენ სტეიტ უორიორზმა“. მოქმედი ჩემპიონი, „მოდა ცენტრში“ ადგილობრივ პორტლენდ „ტრეილ ბლეიზერსთან“ 22-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 107-129 დამარცხდა. ორეგონელებმა მეტოქე ბოლო მეოთხედში შეარცხვინეს, რომელიც ანგარიშით 35-12 მოიგეს. დამაჯერებელი და სასარგებლო იყო დემიან ლილიარდი. „პორტლენდის“ ლიდერმა 29 ქულა და 8 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა აქტივში. „ტრეილ ბლეიზერსმა“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია. ტერი სტოტსის გუნდი დასავლეთში მეოთხე პოზიციაზეა.

დატოვე კომენტარი