ჰაიფას „მაკაბის“ მწვრთნელი - „დინამოს“ პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი მიზანი გამარჯვებაა #1TVSPORT
ჰაიფას „მაკაბის“ მწვრთნელი - „დინამოს“ პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი მიზანი გამარჯვებაა #1TVSPORT

ჰაიფას „მაკაბის“ მთავარმა მწვრთნელმა, ბარაკ ბახარმა უეფა-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისთან“ მატჩამდე „დინამო-არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე ალმატისყაირატთან“ მარცხისთვის რეაბილიტაციას საქართველოს ჩემპიონთან მოგებით გეგმავს.

– ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნას ძალიან განვიცდით. მაქსიმალურად შორს წასვლა გვსურდა, ამან გუნდს დაღი დაასვა და ახლა ჭრილობების მოშუშებას ვცდილობთ. იმედია, „კაირატთან“ მარცხს კარგად გავაანალიზებთ და დანაკლისს კონფერენს ლიგაზე ავინაზღაურებთ.

– „დინამო თბილისი“ დიდი ტრადიციების მქონე კლუბია. მეტოქის ბოლო მატჩები ვნახეთ და ვიცი, რომ ხვალ ძალიან რთული დაპირისპირება გველის. მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი მიზანი გამარჯვება იქნება. შევეცდებით, შესაძლებლობის მაქსიმუმი ვაჩვენოთ.

– ლადო დვალიშვილისა და გიორგი დარასელიას პერიოდი „მაკაბისთვის“ გაცილებით წარმატებული იყო, მაგრამ ახლაც ვცდილობთ, წარმატებები გავიმეოროთ – ხვალაც იგივე მიზანი გვექნება.

„დინამოსა“ და ჰაიფას „მაკაბის“ პირველი შეხვედრა 22 ივლისს თბილისში გაიმართება. თბილისური გუნდი ისრაელის ჩემპიონს „დინამო-არენაზე“ დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.