გვინდოდა, შეჯიბრი საქართველოს ჰიმნით დასრულებულიყო და ეს შევძელით - ძიუდოისტები სანქტ-პეტერბურგიდან დაბრუნდნენ
გვინდოდა, შეჯიბრი საქართველოს ჰიმნით დასრულებულიყო და ეს შევძელით - ძიუდოისტები სანქტ-პეტერბურგიდან დაბრუნდნენ

ყველას გვინდოდა, რომ შეჯიბრი საქართველოს ჰიმნით დასრულებულიყო და ჩვენ ეს შევძელით,–ამის შესახებ სანქტ-პეტერბურგის მასტერსზე გამარჯვებულმა, ოქროს მედალოსანმა გურამ თუშიშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა. ქართველი სპორტსმენები მოსკოვიდან სამშობლოში დღეს დაბრუნდნენ.

გამარჯვებულ ძიუდოისტებს გულშემატკივრები და ახლობლები ოვაციებით დახვდნენ.

„ევროპის და მსოფლიოს მერე ყველაზე საუკეთესო ტურნირია მასტერსი, რა თქმა უნდა, მობილიზებული ვიყავი, ველოდებოდით შედეგს. ოქრო რომ უნდა აგვეღო, ვიცოდით. ზედიზედ სამი ოქროს მედალი ავიღეთ, ვალდებულებაც იყო ისე მიჰყვა ერთმანეთს მედლები. ჩემზეც დიდი პასუხისმგებლობა იყო. ბოლოს ჩემით მთავრდებოდა დღე და ყველასთვის სასურველი იქნებოდა, რომ საქართველოს ჰიმნით დასრულებულიყო და ღმერთის წყალობით შევძელი ეს“,–განაცხადა გურამ თუშიშვილმა.
ძიუდოისტებმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს ქართველ გულშემატკივარს.

კიდევ ერთი ოქროს მედლის მფლობელის ბექა ღვინიაშვილის თქმით, ტურნირი რთული იყო, თუმცა ქართველი სპორტსმენები კარგად მომზადებულები იყვნენ.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეჯიბრება იყო. ბოლო ტურნირი იყო წლის. საკმაოდ კარგად ვიყავი მომზადებული. რა თქმა უნდა, ქართველ გულშემატკივარს მადლობა რომ არ გადავუხადო, არ შეიძლება. მთელი შეჯიბრის განმავლობაში ჩვენ გვერდით იდგნენ და შეიძლება ითქვას, რომ ყველა შეხვედრა მე პირადად დამაჯერებლად გავიარე“, – განაცხადა ბექა ღვინიაშვილმა.

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, სანქტ-პეტერბურგის მასტერსში სამი ოქროს მედლის მოპოვება სპორტსმენისთვის და ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენლისთვის სტიმულის მიმცემი იქნება.

დავით ქევხიშვილი იმედოვნებს, რომ სანქტ-პეტერბურგში მოპოვებლი გამარჯვებები მომავალი წლისთვისაც გადამდები იქნება.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სანქტ-პეტერბურგის მასტერსზე გამოსვლა ბრწყინვალე შედეგით დაასრულა. რუსეთში გამართულ წლის პრესტიჟულ დასკვნით ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტებმა ხუთი მედალი მოიპოვეს, აქედან 3 ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო. სანქტ-პეტერბურგის დარბაზში დღეს საქართველოს ჰიმნი სამჯერ აჟღერდა.
ოქროს მედლები გურამ თუშიშვილმა, ბექა ღვინიაშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა მოიპოვეს. ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლი, ხოლო ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიგო.საერთო გუნდურ ჩათვლაში, საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა, პირველი ადგილი დაიკავა.

 

დატოვე კომენტარი