გურამ თუშიშვილი ნახევარფინალშია [ვიდეო]

გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. დღის პირველ შეხვედრაში მან რუმინელი დანიელ ნატეა დაამარცხა, მეორე დაპირისპირებაში კი უკრაინელ იაკივ ხამოს აჯობა.

მეოთხედფინალში გურამის მეტოქე როი მაიერი იყო. პირველი იერიში სწორედ ჰოლანდიელმა წამოიწყო, თუმცა თუშიშვილმა მას ილეთის გაკეთების საშუალება არ მისცა. შემდეგ ქართველმა შეუტია და ილეთის დასრულებამდე ცოტა დააკლდა. გურამმა ქულა ბრძოლის დასრულებამდე 40 წამით ადრე მოიპოვა, მაგრამ მსაჯებმა ჩათვალეს, რომ ილეთის შესრულებისას ჩავლება დაკარგა და ვაზაარი გააუქმეს.

შეხვედრაში დამატებითი დრო დაინიშნა. „ოქროს ქულის“ დაწყებიდან ერთ წუთში მაიერმა მეორე შიდო მიიღო და გააქტიურდა, მაგრამ თუშიშვილმა მისი იერიში მოიგერია. ზუსტად ერთ წუთში ქართველმა ფალავანმაც შეუტია და კიდევ ერთი ვაზაარი მოიპოვა, თუმცა მსაჯებმა კვლავ გაუუქმეს.

ორივე მებრძოლი ძალიან დაიღალა, მაგრამ თუშიშვილმა შეხვედრა დამატებითი დროის დაწყებიდან სამწუთნახევარში, მაინც იპონით დაასრულა.

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გურამი მონღოლ დურენბაიარ ულზიბაიარს შეხვდება.

 

ფოტო – ზურაბ ქურციკიძე