გრიგოლ ვაშაძე - ხელისუფლება არც გერმანულ, არც ტანზანიურ, არც უგანდიდან ჩამოტანილ მოდელს არ დათანხმდება
გრიგოლ ვაშაძე - ხელისუფლება არც გერმანულ, არც ტანზანიურ, არც უგანდიდან ჩამოტანილ მოდელს არ დათანხმდება

ოპოზიციური პარტიების ლიდერები კვლავ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეიკრიბნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ხვალინდელი აქციის კონკრეტული გეგმების შესახებ ჯერჯერობით ვერ ისაუბრებს.

„გეგმაზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, ეს თათბირი სწორედ იმიტომ არის, რომ ეს გეგმა განვიხილოთ. მთავარი საკითხი, რომელიც დღის წესრიგშია, ეს არის ხვალინდელი აქციის ტექნიკური და საორგანიზაციო დეტალები. როგორც კი ამაზე შევთანხმდებით და დავილაპარაკებთ, ყველაფერს მოგახსენებთ.

მოთხოვნებს რაც შეეხება, ყველამ იცის – მთავრობის გადადგომა, ცესკო-ს დაკომპლექტება სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, ვადამდელი პროპორციული არჩევნები, პოლიტპატიმრების უპირობო, დაუყოვნებლივი გათავისუფლება“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძის თქმით, ხელისუფლება არც გერმანულ, არც ტანზანიურ და არც უგანდიდან ჩამოტანილ მოდელს არ დათანხმდება.

„მთლიანად ოპოზიცია საუბრობს ვადამდელ პროპორციულ არჩევნებზე, ამის შემდეგ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ხსნის, მისი აზრით როგორ შეიძლება ვადამდელ პროპორციულ არჩევნებამდე მისვლა. მაგრამ მე ჩემს მოკრძალებულ აზრს მოგახსენებთ. ხელისუფლება, რომელმაც გააუქმა პარლამენტარიზმი საქართველოში და თავზე გადაახია საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუცია, არც გერმანულ, არც ტანზანიურ, არ უგანდიდან ჩამოტანილ და არც ავსტრალიელი აბორიგენების შემოთავაზებულ მოდელს არ დათანხმდება. ეს იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებას არ სჭირდება სამართლიანი, გამჭვირვალე, დასავლური სტანდარტის შესაბამისი არჩევნები. ჩაბღაუჭებული არიან ფრჩხილებით და კბილებით ხელისუფლებას.

გამოსავალი არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეები და ჩვენ, საქართველოს მოქალაქის მონა-მორჩილები, მივმართავთ კონსტიტუციით დაშვებულ ყველა პროტესტის ფორმას და აღშფოთება რომ იზრდება, ხედავთ“, – აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.