გრიგოლ ვაშაძე - არ ვიცი, რატომ გაკეთდა ასეთი განცხადება, უწმინდესმა გვკითხა სამომავლო გეგმებზე 
გრიგოლ ვაშაძე - არ ვიცი, რატომ გაკეთდა ასეთი განცხადება, უწმინდესმა გვკითხა სამომავლო გეგმებზე 

არ ვიცი, რატომ გაკეთდა ასეთი განცხადება, უწმინდესმა გვკითხა სამომავლო გეგმებზე, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ საპატრიარქოს გუშინდელი განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

„არ ვიცი, რატომ გაკეთდა ეს განცხადება, მაგრამ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – უწმინდესმა გვკითხა სამომავლო გეგმებზე, რაზეც ჩვენ ვუთხარით, რომ ერთპიროვნული და ერთპარტიული სისტემის დანგრევა არის ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთადერთი გზა და ამ გზაზე ოპოზიცია უნდა იყოს ხელისუფლების შემადგენელი ნაწილი. ამაზე უწმინდესმა გვითხრა, რომ ოპოზიცია არ უნდა იყოს რადიკალური, უნდა იყოს დაკავებული რჩევებით და ხელისუფლების კრიტიკით, ხელისუფლება კი არ უნდა იყოს დაკავებული ოპოზიციის დევნით – ეს არის და ეს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ​დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გუშინ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ პატრიარქთან დაკავშირებით ინფორმაცია არასწორი ინტერპრეტაციით გაავრცელა. მისი თქმით, ვაშაძის შეხვედრისას ილია მეორესთან წინასაარჩევნო გეგმები დეტალურად არ ყოფილა განხილული.